საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის “დინამოს” საკუთრებაა, იჯარის წესით ოდესის “ჩერნომორეცში” ირჯებოდა, მაგრამ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო შეჩერებული ჩემპიონატის გამო კრაკოვის “ვისლაში” გადავიდა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კრაკოველთა შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩატარა, რომელბშიც 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
წიტაიშვილმა პოლონეთში არსებულ მდგომარეობაზე უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“კრაკოვის “ვისლაში” მოხვედრამდე კიევის “დინამოს” პოლონელმა ფეხბურთელმა ტომაშ კენძიორამ დამირეკა. მან მითხრა, რომ კრაკოვის “ვისლას” მთავარ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა და აინტერესებდა ჩემს შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ ტომაშმა მითხრა, რომ “ვისლა” პოლონეთში დიდი ისტორიის მქონე საფეხბურთო კლუბია და მეც მივიღე მათი წინადადება. ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ შემქნია. აქ ყველა ცდილობს ერთმანეთს დაეხმაროს და მეც გაორმაგებული მოტივაცია მაქვს.
სადებიუტო მატჩის დროს ტრიბუნაზე უკრაინელები შევნიშნე, რომლებსაც ჩემი მაისური სურდათ. “ვისლას” მაისურით სადებიუტო მატჩის მაისურის ჩემთვის დატოვება მინდოდა, მაგრამ როდესაც უკრაინის დროშა დავინახე, გადავწყვიტე ჩემი მაისური მათვის მეჩუქებინა. უკრაინის დროშის დანახვაზე ისეთივე ემოციები მაქვს, როგორიც საქართველოს დროშის დანახვაზე.”-თქვა გიორგი წიტაიშვილმა
შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings