in

ლევან მაისაშვილი: იტალიასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა “შავმა ლომმა” პირველივე ტურნირზე შეძლო გამარჯვება. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში, ლისაბონში, პორტუგალიური “ლუზიტანუში” 17:14 დაამარცხა.

მალე “შავი ლომი” სამხრეთ აფრიკულ “ქარი ქაფზე” გადაერთვება და იქ მოსინჯავს ძალებს. ივლისში კი, საქართველოს ნაკრებს ისტორიული მატჩი ელის. 10 ივლისს, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მანამდე კი, ქუთაისში არგენტინა XV-ს შეხვდებიან.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ “ავტორადიოს” პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

ბატონო ლევან, პირველ რიგში, შევაფასოთ რაგბი ევროპის სუპერთასზე “შავი ლომის” გამოსვლა. შექმნის პირველივე წელს შევძელით ტიტულის მოგება…

ეს გუნდი ძალიან დიდი ფორსმაჟორის დროს შეიქმნა. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ქართულ რაგბიში და რაგბის კავშირის, კერძოდ აღმასრულებელი დირექტორის ბაჩო ხურციძის, დიდი დამსახურებაა ამ გუნდის შექმნა და მადლობა მას ამისთვის. გუნდის შექმნის მთავარი მიზანი იყო, რომ მორაგბეებს ჰქონოდათ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, ყოფილიყვნენ ტონუსში, სანაკრებო მატჩებისთვის არ ყოფილიყო შეთამაშების პრობლემა და გარკვეულ პოზიციებზე გაზრდილიყო მოთამაშეთა სიღრმე, რაც გარკვეულწილად გამოვიდა კიდეც. ასევე, მიზანი იყო ტურნირის მოგება, რაც ასევე გამოგვივიდა.

აღნიშნეთ, რომ ფრენჩაიზის პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ ნაკრებში გარკვეულ პოზიციებზე გაიზარდოს მოთამაშეთა სიღრმე, მიიღონ სათამაშო გამოცდილება და იყვნენ მუდმივად ტონუსში. აქ გვებადება შემდეგი შეკითხვა: 6 თვის განმავლობაში “შავმა ლომმა” ითამაშა 6 თამაში. თქვენი აზრით, როგორი მაღალი დონის მორაგბეც არ უნდა იყო, რამდენად რეალურია, რომ 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 6 თამაშით, გარდა გამონაკლისი თამაშებისა, სპორტსმენი იყოს მუდმივ ტონუსში და არ წავიდეს რეგრესისკენ?

ეს არ არის სწორი შეფასება, რომ 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 6 თამაში ითამაშეს. ჯერ ერთი, მორაგბის აქტივობა არ ითვლება მხოლოდ თამაშებით, ითვლება წუთებით. ჩვენ გვაქვს აღრიცხვა. მორაგბეები, რომლებიც სანაკრებო მატჩების პერიოდში ნაკრებში არ თამაშობდნენ, გამოდიოდნენ დიდ 10-ში თავიანთ კლუბებში. რა თქმა უნდა, სასურველი იყო მეტი თამაში გვეთამაშა, მაგრამ გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვით გვყავს მორაგბეები, რომლებმაც 1200, 1000, 800, 700 წუთი ითამაშეს, მაშინ როდესაც საქართველოს რეგულარულ ჩემპიონატში არის ასეთი სურათი – მორაგბეები 300-400 წუთს თამაშობენ. ის, რომ ამ ტურნირში წელს 6-ზე მეტი თამაში ვერ ვითამაშეთ, ეს ორგანიზატორების პრობლემა იყო, რაზეც, როგორც მე ვიცი, არის საუბარი და ალბათ მომავალი წლისთვის გამოსწორდება.
მხოლოდ ის მორაგბეები არ არიან საკმარისი წუთებით, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული მიზეზები ტრავმისა თუ ავადმყოფობის გამო. ამის აღირცხვა გაკეთდა და დამიჯერეთ ყველას საკმარისი წუთები აქვს ნათამაშები. გარდა ამისა, ისინი ყოველკვირეულად ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიშობენ. თან, ჯერ სეზონი არ დასრულებულა და ვემზადებით ქარი ქაფზე სათამაშოდ.

“ლუზიტანუშთან” ფინალური მატჩი შევაფასოთ. სტატიკურ ფაზებში, რომელიც ყოველთვის ჩვენი გუნდის ძლიერ მხარედ მიიჩნეოდა, საკმაოდ კარგები ვიყავით, მაგრამ ხაზზე თამაშისას გარკვეულ ეპიზოდებში გვაჯობეს.

არ მიმაჩნია, რომ “ლუზიტანუშმა” საერთოდ რამეში გვაჯობა. თამაში იყო ძალიან დახურული და ეს ჩვენი ინიციატივა გახლდათ. თავად გადავწყვიტეთ, რომ ჩაკეტილი რაგბი გვეთამაშა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ფინალური მატჩი და აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რაშიც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვაჯობებდით. ფინალში რთულია აჩვენო სანახაობრივი თამაში, მაგრამ მთავარია გამარჯვება და მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ.

არის საუბრები, რომ “შავი ლომი” მომავლის პროექტია. თუ ეს მომავლის პროექტია, 15-16 მორაგბე რატომ არის 30 წელს ზემოთ და რატომ არ გაკეთდა აქცენტი უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებზე?

საინტეროსო და კარგი შეკითხვაა. ჩვენი სურვილიც იყო აქცენტი გაგვეკეთებინა ახალგაზრდა მორაგბეებზე, 20-წლამდელთა ნაკრების წევრებზე, მაგრამ პირველ ხაზში ახალგაზრდა მორაგბეების ძირითადი ნაწილი საფრანგეთში თამაშობს და ვერ მოხერხდა მათი “შავ ლომში” ჩამოყვანა და აქცენტი გაკეთდა გამოცდილ მორაგბეებზე. იმ მორაგბეებზე, რომლებიც არიან ნაკრების წევრები. სამომავლოდ, გეგმაში არის გუნდის გაახალგაზრდავება და ის, რომ ახალგაზრდა მორაგბეები უცხოურ კლუბებში წასვლის ნაცვლად აქ შევინარჩუნოთ და ვათამაშოთ.

სამხრეთ აფრიკაში “ქარი ქაფზე” ვიასპარეზებთ. გულშემატკივრის თვალით რომ შეხვედოთ ამ ტურნირს, ის არის ცუდი, რომ აღზევების სისტემა არ არის და უმაღლეს დივიზიონში თამაშის შანსი არ გვექნება.

ჩვენს რაგბის კავშირს სამხრეთ აფრიკულ მხარესთან აქვს განვითარების 10-წლიანი გეგმა და მნიშვნელობა არ აქვს ამ ტურნირზე ჩვენთვის არის თუ არა აღზევების სისტემა. ჩვენც შეგვიძლია განაცხადის გაკეთება, რომ უმაღლეს დივიზიონში ვითამაშოთ, მაგრამ ეს მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა: ფინანსები, განრიგი და ა.შ.

ბატონო ლევან, ბოლოს მივადექით ისტორიულ მატჩს. 10 ივლისს ბათუმში იტალიის ნაკრები გვესტუმრება. საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით, რას უნდა ველოდოთ ამ მატჩში “ბორჯღალოსნებისგან”?

ამ მატჩში ჩვენგან უნდა ელოდოთ ბოლომდე ბრძოლას, ბრძოლას გამარჯვებისთვის. რაგბიში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, თუ სად არის დღეს იტალია და სად ვართ ჩვენ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცუცქირიძე სტად ფრანსეში ითამაშებს: ხარაიშვილი რასინგში ბრუნდება

თორნიკე შენგელია ბოლონიაში 2 წლით დარჩება -Basketnews