გუშინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა.
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე მოთამაშე გორის „დილას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი, ქართული ფეხბურთის ნაიმედარმა გიორგი არაბიძემ გაიტანა. 42-ე წუთზე მსაჯმა „დილას“ მოთამაშე გაგნიძე მოედნიდან გააძევა და მეორე ტაიმში ახვლედიანმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი მალელმა დრამემ შეაგდო. ქუთათურებმა ბოლო 5 შეხვედრაში 3 მოიგეს და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებენ, თუმცა ბოლნისის „სიონს“ მატჩი თადარიგში აქვს. გორის „დილა“ მე-3 ადგილზეა, მაგრამ „სამგურალის“ წარმატების შემთხვევაში ევროთასების ზონას დაემშვიდობებიან.
გასავარდნ ზონაში მყოფმა „გაგრამ“ თბილისში, „საბურთალოს“ უმასპინძლა და მატჩი 3:3 დასრულდა. პირველ ტაიმში სიხარულიძის გოლს მასპინძელთაგან ქობულაძემ უმასპინძლა და გუნდები გასახდელში ფრით გავიდნენ. 49-ე და 58-ე წუთებზე ნონიკაშვილმა და გულიაშვილმა „საბურთალოს“ ორ ბურთიანი უპირატესობა მოუპოვეს, მაგრამ მატჩის ბოლოს, 3 წუთიან ინტერვალში, ჯერ ლომინაძემ, შემდეგ კი ბუხაიძემ გაიტანეს და „გაგრას“ ქულა გადაურჩინეს. „გაგრა“ სამშვიდობო ზონას 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო „საბურთალო“ ევროთასებს 4 ქულით.
მივადექით დღის, ტურის, წრის და ალბათ, სეზონის მთავარ მატჩს. ბათუმში, „აჭარაბეთ“ არენაზე, სრული ანშლაგის ფონზე, ბათუმის „დინამომ“ თბილისისას უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. მე-17 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მეურვე მოატყუა და შორიდან გაისროლა. ჯოვინოსგან ასხლეტილი ბურთი კი პრიეტოს კარში გავიდა. 25-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა სოლო რეიდი მოაწყო და მარცხენათი პრიეტოს მეორეც გაუტანა. ტაიმის მიწურულს თბილისელ მცველთა უყურადღებობით ტეიდიმ იხეირა და კუთხურიდან მესამეც გაიტანა.
58-ე წუთზე, ლაზარე კუპატაძის უხეირო გათამაშებას თბილისელთა კარგი პრესინგი და სხირტლაძის გოლი მოჰყვა. ამ მომენტიდან 2 წუთში დედაქალაქელებმა საჯარიმოსთან მოხდენილი კედელი გაითამაშეს და ბილენკი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შესაშური რეფლექსი გამოამჟღავნა და დარტყმული ფეხით მოიგერია. 93-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მეოთხეც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის დაწყებამდე 25000 გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლში მიემგზავრება. შეხვედრა „კვარა, კვარა“ შეძახილების ფონზე დაიწყო.
ნამატჩევს გია გეგუჩაძემ თავისი ფეხბურთელების იდეალური პერფორმანსი გამოჰყო და განსაკუთრებით საყრდენი ზონის დომინირება გამოყო, ხოლო ჭიაბრიშვილმა, აღნიშნა, რომ ბათუმის „დინამო“ ყველა კომპონენტში აღემატებოდა თბილისის „დინამოს“.
ტურის დარჩენილი მატჩები ზეგ გაიმართება, ამის შემდეგ კი 1 თვიანი პაუზა იწყება და ასპარეზზე „დილა“; „დინამოები“ და „საბურთალო“ დარჩებიან, რომელთაც ევროთასების მატჩები ელით.
GIPHY App Key not set. Please check settings