ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” ბუდუ ზივზივაძის მომავლის თაობაზე მოამზადა წერილი, რომელიც ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში დიდებულ ფორმაშია და 11 გატანილი გოლით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირი გახლავთ. ქართველ შემტევს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.
“მისი ყოველი გოლის შემდეგ ტრიბუნიდან ისმის შეძახილი – “ბუუუდუუუ”. ამ დროისთვის ზივზივაძის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით ის თანალიდერია ბომბარდირთა დავაში. ცხადია, ამ ციფრების შემდეგ ზივზივაძის მიმართ ინტერესი გაზრდილია და ნათელია, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლები აუცილებლად მიიღებენ წინადადებებს”, – წერს “კიკერი”.
“კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და აქ ბოლომდე ვაპირებ დარჩენას, რათა გუნდს დავეხმარო. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რაღაც ზამთარშიც მოხდეს”, – ეს უკვე ბუდუს სიტყვებია.
ცხადია, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ “კარლსრუეს” გულშემატკივრები ნერვიულობენ ბუდუ ზივზივაძის მომავალზე. ამასთან ერთად, “კარლსრუეს” სპორტული დირექტორი სებასტიან ფრაისი ითვალისწინებს სატრანსფერო ბაზრის მოთხოვნებს.
“ჩვენ შესანიშნავად გვესმის, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუესთვის” და ზამთარში მის გასხვისებას არ ვაპირებთ. ისე კი, ასეთ რამეს კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავთ”, – ამბობს ის.
მოკლედ, გამორიცხული სულაც არ არის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ქართველი ბომბარდირი სხვა, გაცილებით უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში აღმოჩნდეს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings