in

მარტინ ჰინტერეგერმა კარიერა დაასრულა. მიზეზი არც ტრავმაა და არც ხნიერება

სტენლი კრამერის „ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“ გინახავთ? 1963 წელს გადაღებული კინოშედევრის დეტალურ გარჩევაში არ შევალთ, უბრალოდ სათაური ვისესხოთ და 29 წლის ავსტრიელი მცველის, მარტინ ჰინტერეგერის ბოლო რამდენიმე კვირას მივუსადაგოთ.

ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, ჰო, მერე რა მოხდა? ყოველწლიურად ათასობით მოთამაშე ასრულებს კარიერას. თუმცა, ერთია, როცა მოთამაშე ტრავმების ანდაც ხნიერების გამო ეთხოვება მწვანე საფარს და მეორეა, როცა მასობრივი ბულინგის ობიექტი ხდება.

მოკლედ, მარტინ ჰინტერეგერი, ავსტრიის ქალაქ სირნიციდან არის წარმოშობით. იქ ზიკლების ოჯახი სახლობს, რომელთან კავშირმაც ჰინტერეგერის კარიერა იმსხვერპლა. ჰინტერეგერი და ჰაინრიხ ზიკლი ერთად ბიზნეს საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ჰოდა, ცოტა ხნის წინ, მარტინმა საფეხბურთო ტურნირი დააორგანიზა, რომელსაც „ჰინტის თასი“ დაარქვა და მთავარ პარტნიორად, ცხადია, ჰაინრიხი დაიყენა. გადაიღეს სურათები და მარტინმა ინსტაგრამზე სიამაყით გამოდო ახალი წამოწყების ამსახველი კადრები. აქედან იწყება ჯოჯოხეთი ავსტრიულად…

ჰაინრიხ ზიკლი, ბოლოს ქალაქ გრაცის საკრებულოს წევრი იყო. მისი პარტიის სახელია:
„ავსტრიის ნაციონალისტური, თავისუფლების პარტია“. 2021 წელს, მას პარტიასთან გამომშვიდობება მოუხდა, რადგან ულტრა მემარჯვენეებთან კავშირში დასდეს ბრალი და „იდენტობისათვის მებრძოლ მოძრაობასთან“ კავშირში გამოიჭირეს. ეს მოძრაობა აიკრძალა, რადგან მისი არსებობის მოტივი ეფუძნებოდა: ულტრა მემარჯვენეობას, სექსიზმს, რასიზმს, ნაიოცანილსტურ და ეთნიკური ნიშნით ორიენტირებას. მეტსაც გეტყვით, 90-იან წლებში ზიკლი ნეო-ნაცისტური ორგანიზაციის წევრი გახლდათ და 1992 წლიდან ნაცისტურ დევიზს ქვეყანაში ტაბუ ადევს. მოკლედ, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზიკლი ცუდ კაცად არის შერაცხული და მასთან კავშირი ლაზათიან გადაწყვეტილებათა ნუსხაში არ შედის.


ჰოდა, ამ ტურნირის ორგანიზებიდან მალევე, ჰინტერეგერს უბრალოდ სიცოცხლის ხალისი მოუსპეს. რასიზმსა და ფაშიზმში დაადანაშაულეს და ონლაინ ბულინგის მსხვერპლიც გახდა. „ზიკლი, ისევე როგორც მე სირნიციდან ვართ. უამრავი მეგობარი მყავს მსოფლიოს მასშტაბით და დამერწმუნეთ, ყველას წარსული ცხოვრების დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჩემი ერთადერთი მიზანი, ამ ტურნირის ჩატარება და ახალგაზრდებისათვის ხელის შეწყობა გახლდათ. ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემთვის უცხო ადამიანები როგორი შინაარსის შეტყობინებებს მიგზავნიდნენ. ზიკლის ოჯახთან ყველანაირი კავშირი გავყწვიტე, მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის დასრულებულია. გასული სეზონი ჩემთვის კატასტროფული გამოდგა. მოედანზე ნაჩვენები პერფორმანსები უბრალოდ სამარცხვინო იყო. დიდწილად, ამის გამო ვემშვიდობები ფეხბურთს. შენიშნავდით, რომ „აინტრახტთან“ ერთად ევროპა ლიგის თასი განსაკუთრებული მგზნებარებით აღვმართე, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო გამოჩენა იქნებოდა მოედანზე“- დაწერა 29 წლის მცველმა, რომელიც 2019 წლიდან „აინტრახტში“ ბურთაობს და 2 წლის წინ „ჩელსისთან“ ნახევარფინალში გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა. წელს კი „აინტრახტთან“ ერთად 41 წლიანი პაუზის შემდეგ აღმართა ევროპის რანგით მეორე ტურნირის თასი.

თავის მხრივ, “არწივების” სპორტულმა დირექტორმა მარკუს კრიოშემ სამადლობელი წერილი გამოფინა და მარტინის გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა.
„ის, ჩვენთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოედანზე დაბრუნდება. ამ ასაკში, ასეთი წარმატების შემდეგ, კარიერის დასრულება ძალიან მოულოდნელია, მაგრამ ჩვენ შენს გვერდით ვართ და არასოდეს დაგივიწყებთ“.

არანაირი პოლიტიკური თუ სოციალური განცხადების გაკეთებას არ ვგეგმავთ, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. უბრალოდ, მალე რომ გვითხრან ნაკრების გოლებს ნუ აღნიშნავთ, ქსენოფობიურია, რადგან სხვა ეთნიკურ ჯგუფზე გამარჯვებას ზეიმობთო, არ გაიკვირვოთ.

ჰო, სტენლი კრამერს მივუბრუნდეთ. ფილმის ყველა პერსონაჟი 350 000 დოლარს ეძებს და ბოლოს ისე გამოვა, ყველა კლინიკაში ამოყოფს თავს, პირში ჩალაგამოვლებული, ჰოდა, ვინ იცის?!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე ქვეყნის მასშტაბით 64 ბიბლიოთეკას წიგნებით მოამარაგებს

ბათუმის დინამო სტეფან დენკოვიჩმა დატოვა