in

პსჟ ნეიმარს უშვებს

რა უცნაური რამეა ეს წუთისოფელი: 2017 წელს ნეიმარმა „ბარსა“ მთელი კონცერტების სერიის შემდეგ დატოვა და პარიზში ოქროს ბურთის საძებრად გაემართა. ბრაზილიელი ჯადოქარი ისტორიაში შევიდა, მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადეს!

ამ ტრანსფერმა სატრანსფერო გადატრიალება გამოიწვია. სრულიად არაფრისმთქმელი ფეხბურთელების სანაცვლოდ კლუბები ათეულობით მილიონებს ითხოვდნენ და ეს ტენდეცია დღემდე სულდგმულობს, თუმცა მეტ-ნაკლებად სიტუაცია დასტაბილურდა.

ჰოდა, მივუბრუნდეთ ამ ჩვენს ნეიმარს, რომელმაც პარიზში ოქროსფერი კრუასანისა და ლიგა 1-ის ოთხი ტიტულის გარდა ბევრი ვერაფერი მოიგო. თან, ნეიმარი ძალიან ტრავმიანია. როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადის უნდა შეეგუოს, რომ იქ ნეიმარი არ იქნება. შეთქმულების თეორიას კი გავს, მაგრამ ფაქტია, რომ თებერვლის ბოლოს ნეიმარის დის დაბადების დღეა და ამ პერიოდში სულ ტრავმას იღებს. თან მაგ დროს რომ იწყება ეს ოხერი ჩემპიონთა ლიგა?

ნეიმარის განსაცდელს მესის ტრანსფერი დაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ლეომ პირველი პარიზული სეზონი ჩააგდო, ის მაინც მესია და მთავარი კაცი სხვა ვერავინ იქნება. თან, „ბარსადან“ ნეიმარის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მესის ჩრდილქვეშ ყოფნა იყო. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო ჰოდა, ნეიმარი პარიზში კილიან მბაპეს წააწყდა, მასზე 6 წლით ახალგაზრდასა და ფრანგს რაც მთავარია. ახლა მის ჩრდილქვეშ მოუხდა ყოფნა და პლუს მესი…


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაჯანჯლოთ, გასულ სეზონში ბრაზილიელმა სულ 26 მატჩი ჩაატარა. 13 გოლი და 8 ასისტი არ არის ურიგო, მაგრამ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომლის 1 ფეხი 110 მილიონი ღირს. ჰოდა,
მბაპე ყველას „რეალის“ კაცი ეგონა და უცებ კილიანმა 2025 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ეს კი, მართლაც განგაშის სიგნალია.

დღეს, უკვე არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ პარიზელებს ნეიმარის გაშვება სურთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ფინანსებია. ნეიმარი უკვე 30 წლისაა და მიუხედავად სამარადჟამო ელეგანტურობისა, პატარა ბიჭი ნამდვილად არარის. საორიენტაციო ფასად 76 მილიონი ევრო სახელდება.

ყველაზე რეალურ ვარიანტად „იუვე“ დასახელდა, მაგრამ ტურინელებმა დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინეს და საკმარისი ფული არ აქვთ. „სიტი“ გამორიცხულია ჰოლანდის გამო. „ლივერპული“ ამ ასაკისა და ასეთი კარიერის მოთამაშეს უფასოდაც არ დაიმატებს. „რეალი“?…


მოკლედ, დაველოდოთ, მაგრამ იყიდება ნეიმარი 76 მილიონად. მსურველები დაუკავშირდით „პსჟ“-ს ოფისს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გასული სეზონის ტოპ 10 მეკარე სეივების პროცენტის მიხედვით: მენიო ლიდერია!

საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა