გასულ სეზონში მეკარეების შთამბეჭდავი პერფორმანსები იოლი გასახსენებელია. რაღა შორს წავიდეთ, ბოლო 1 თვეს რომ ჩავხედოთ: ტიბო კურტუა „ლივერპულის“ წინააღმდეგ და უეინ ჰენესი უკრაინის გეგმათა ჩამშლელად. თუმცა, სეივების პროცენტული ინდექსი არის ინდიკატორი, რომელიც მარტივად ფუნქციონირებს. რამდენჯერ დაურტყეს და რამდენი მოიგერია. სამწუხაროდ, ამ სტატისტიკაში მეკარის სწორი პოზიციონირების ხარჯზე შთანთქმული პოტენციური დარტყმა ანდაც ჩაწოდებაზე გამკლავება ვერ აღინუსხება.
სიის სათავეში „მილანის“ მეკარე მაიკ მენიოა. 26 წლის ფრანგი „ლილში“ ზედიზედ ორჯერ გახდა წლის საუკეთესო მეკარე და „როსონერიმ“ ჯიჯი დონარუმას შემცვლელად მიიყვანა. მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა. მენიომ დარტყმული ბურთების 78.79% მოიგერია და „მილანის“ გაჩემპიონებაში ლომის წვლილი დაიდო.
მეორე პოზიციაზეც სერია ა-ს წარმომადგენელი დავიდ ოსპინაა. 33 წლის კოლუმბიელმა 31 მატჩში დაიცვა „ნაპოლის“ კარი და 13 ჯერ მშრალად შენახვაც მოახერხა. დარტყმული ბურთების 76.64% კი მოიგერია. იწერება, რომ ოსპინა გატუზოს „ვალენსიაში“ სურს, სადაც გიორგი მამარდაშვილია.
მესამეზე „პსჟ“-ს კოსტა რიკელი გოლკიპერი კეილორ ნავასია, რომელმაც ლიგა 1-ის 20 მატჩში დარტყმული ბურთების 76,62% მოიგერია. ჩემპიონთა ლიგაზე კი მას არ უთამაშია, რადგან ჯიჯი დონარუმა იყო გამწესებული.
რაც შეეხება სიის დანარჩენ წევრებს:
4) იასინ ბუნუ – „სევილია“ – 76%
5) ვალტერ ბენიტესი – „ნიცა“ – 75.91%
6) ალისონი- „ლივერპული“ – 75.59%
7) ჟოზე სა – „ვულვზი“ – 75.47%
8) ტიბო კურტუა – „რეალი“ – 75.42%
9) სამირ ჰანდანოვიჩი – „ინტერი“ – 75.41%
10) იონას ომლინი – „მონპელიე“ – 75%.
GIPHY App Key not set. Please check settings