„უოტფორდის“ ოფიციალურმა გვერდმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი ჩაკვეტაძეს და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
– თქვენ მიმდინარე სეზონში ყველა აღაფრთოვანეთ – რა არის ამის საიდუმლო?
– ვცდილობ, უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე და იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც უნდა გამოვასწორო. მოტივაცია მაქვს, რომ გავხდე უფრო სრულყოფილი, უფრო ძლიერი, მრავალმხრივი და გუნდისთვის მეტად სასარგებლო.
– 16-ის ნაცვლად 8 ნომრით თამაშობთ – რა იყო მიზეზი?
– რვა ნომერი მომწონს, მაგრამ როცა „უოტფორდში“ ჩაირიცხე არ იყო თავისუფალი. ამიტომ სხვა ნომრით ვთამაშობდი. თუმცა, როდესაც ის ზაფხულში ხელმისაწვდომი გახდა, კლუბს ვთხოვე ნომრის შეცვლა და დამთანხმდნენ – ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ნომერი ძალიან მომწონს.
– რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თქვენი ბურთის ფლობის უნარია, მცველებსაც იოლად ცდებით. ამას როგორ ახერხებთ?
– სათამაშო პრაქტიკა უკეთესს მხდის.
– „პლიმუთთან“ მატჩის შემდეგ უეინ რუნიმ (ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი) ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელათ – ეს როგორი ემოციაა?
– ეს მახარებს და ძალიან ვამაყობ. რუნის ბევრი თამაში მინახავს – ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ლეგენდა იყო – როდესაც ამ დონის ფეხბურთელი მსგავს რამეს ამბობს, ცხადია, ეს მოტივაციას მმატებს.
– რუნი პირადადაც გესაუბრათ – რა გითხრათ?
– თამაშის შემდეგ მესაუბრა და მითხრა, რომ ჩემი თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და წარმატებები მისურვა. ამ საუბარმა დამარწმუნა, რომ რუნი მოედნის მიღმაც ძალიან კარგი ადამიანია.
– კრიშტიანო რონალდო მოგწონთ – ბავშვობაში მისი თამაშითაც აღფრთოვანებული იყავით?
– რუნისთან ერთად კრიშტიანოს თამაშის ყურებაც მიყვარდა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ და მთელ ეპოქაზე მოახდინეს გავლენა – მათი ცქერა წარმოუდგენელი სიამოვნება იყო.
– რატომ მოგწონდათ რონალდო?
– მისი თამაშის სტილი თვიდანვე შემიყვარდა, მას გასაოცარი უნარები, ტექნიკა და გოლის ალღო აქვს, საქმისა და ფეხბურთისადმი მისი დამოკიდებულება სამაგალითოა.
– როგორი იყო ამ ზაფხულს ევროზე პორტუგალიის ნაკრებისა და რონალდოს წინააღმდეგ თამაში?
– დადებითი ემოციები იყო, როცა მოედანზე კრიშტიანო ვნახე. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელიც მოვიგეთ და მერვედფინალში გავედით. რამდენიმე მიზეზია, რატომ მემახსოვრება ის დღე მთელი ცხოვრება და ყოველთვის ვიამაყებ.
– თამაშის შემდეგ მისთვის მაისურის გამორთმევა სცადეთ?
– თამაშის შემდეგ ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ ამაზე არც მიფიქრია. როცა გამახსენდა, უკვე გასახდელში ვზეიმობდით, მაისურის გაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა.
– ყველაზე დასამახსოვრებელი ვისთან იყო მაისურის გაცვლა?
– როცა ბელგიის „გენტში“ ვთამაშობდი, მაისური ედინ ჯეკოს გავუცვალე, მაშინ ევროპა ლიგის 1/16-ფინალში „რომას“ შევხვდით.
– ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლიდან საინტერესო ისტორია გაიხსენეთ.
– რომელიმე ერთ შემთხვევას ვერ გამოვარჩევ. ეს წარმოუდგენელი მომენტებით სავსე დაუვიწყარი ზაფხული იყო. მინდა, რომ მსგავსი წარმატება ჩემმა ქვეყანამ კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებს ამაში მეც დავეხმარები.
– მერვედფინალში გასვლა ისტორიული მომენტი იყო – ფიქრობთ, რომ მსოფლიომ საქართველოს ნაკრების კლასი დაინახა?
– ვფიქრობ, რომ მსოფლიოს თავი გავაცანით და საფეხბურთო რუკაზე ჩვენი სახელიც დავაფიქსირეთ. ეს ჩვენი პირველი დიდი ტურნირი იყო და საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეები დაინახეს. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არაქართველი გულშემატკივარი შევიძინეთ იმით, რომ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
– თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა საქართველოში ღირსების ორდენები მიიღეთ – ეს როგორი გრძნობა იყო?
– ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო და ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ჯილდო მივიღე.
– საქართველო ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ქვეყანაა, რომელსაც წარმოუდგენელი გულშემატკივარი ჰყავს. ქუჩაში გასვლა არ გიჭირთ?
– ხალხი თითქმის ყველგან მცნობს, შეუმჩნეველი ვერსად დარჩები, თუნდაც მაღაზიაში. მაგრამ ეს მოსაბეზრებელი არ არის. ხალხისგან უზარმაზარ სითბოს ვგრძნობ და ასეთი ენერგიის მიღება ძალიან მიყვარს.
– სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობთ…
– ქართველები ძალიან თბილი ხალხი ვართ და სიყვარულიც გამორჩეულად შეგვიძლია. როცა შენს თანამემამულეებს ასე უყვარხარ, ეს დიდ ენერგიასა და მოტივაციას გაძლევს.
– „უოტფორდის“ ქომაგებშიც პოპულარული ხართ და ლედი გაგას სიმღერის, Paparazzi-ის მიხედვით თქვენთვის მისამღერიც შეასრულეს.
– ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და იმდენად მიმზიდველია, რომ ხანდახან მეც ვმღერი. ლედი გაგა კარგი მომღერალია – მადლობა ასეთი სიმღერისთვის!
– როგორ მოეწყვეთ ინგლისში?
– წელიწადზე მეტია, აქ ვცხოვრობ, კარგად შევეწყვე ქვეყანას და მის წეს-ჩვეულებებს. მიყვარს ინგლისში ცხოვრება და მას ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ.
– ინგლისსა და საქართველოს შორის რა არის მთავარი განსხვავება?
– ყველაზე დიდი განსხვავება ამინდია.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– მიყვარს მეგობრებთან შეხვედრა, ასევე კომპიუტერული თამაშები, საინტერესო ფილმის ან შოუს ცქერა.
– როგორ ირჩევთ რას უყუროთ?
– ვეკითხები მეგობრებს და ვენდობი მათ რჩევებს, რადგან იციან ჩემი გემოვნება. ისეთ ფილმებს ან სატელევიზიო შოუებს მირჩევენ, რომლებიც იციან, რომ მომეწონება. YouTube-ზე ვიდეოების ყურებაც მიყვარს.
– ინგლისურ კულტურაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– ყველაზე მეტად მათი საქმისადმი მიდგომა მომწონს – ვფიქრობ, რომ ეს ჩვევა გამორჩეული და განსაკუთრებულია.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings