ხვიჩა კვარაცხელიას „რომასთან“ თამაშს და უფრო მოედნიდან მის უკმაყოფილო გასვლას ფართოდ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა. ძირითადად არაობიექტურად აკრიტიკებენ, გეგონება გუნდს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს. აღნიშნავენ, რომ დებიუტში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში დაიღალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, რასაც მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვა და მწვრთნელი ანტონიო კონტე იძულებული გახდა შეეცვალა.
Il Mattino წერს, რომ კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია, მაგრამ კარგად თამაში არ გამოუვიდა, მოედნიდან გასვლისას იმედგაცრუება ვერ დამალა, თავისი ეგოისტური ამბიციების ტყვეობაში რჩება, შეიქმნა შთბეჭდილება, თითქოს გასახდელში გასვლა უნდოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე უხალისოდ დაჯდა.
რადიო Crc-ში „ნაპოლის“ და ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ ისაუბრა: „თუ გუნდმა ასევე გააგრძელა ასპარეზობა, შეუძლია ბევრი გამარჯვება მოიპოვოს და რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიოს. არასანახაობრივი ფეხბურთით ამის მოხერხება ძნელი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია კონტე „ნაპოლის“ უდგას სათავეში, შედეგი მოსალოდნელზე უკეთესია.
კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემპიონია, მაგრამ ვარსკვლავი არ არის. პირველ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, მაშინ არავინ არ იცნობდა, მეორე წელს შეისწავლეს და დიდ სირთულეებს გადააწყდა. გავიმეორებ, ახლა გადამწყვეტი ნახტომი უნდა გააკეთოს. ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა თამაშის სტილის შეცვლა სჭირდება. შესაძლოა, მისგან ძალიან ბევრს ველოდით. ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვისი წამოწყებული იერიშის შედეგად გაიტანა ლუკაკუმ? „კვარას“ მიმართ კრიტიკა უნდა შევამციროთ, რამეთუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.
ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო მიიჩნევს, რომ „კვარას“ მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია: „კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შევაფასე და ამის გამო გამაკრიტიკეს. კონტემაც თქვა, რომ რაც გუნდს ის ხელმძღვანელობს, ქართველმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. უმცირესობაში, მაგრამ ჩინებულ კომპანიაში ვიმყოფები“.
იტალიის ნაკრებისა და “ინტერის” ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio-სთან ინტერვიუში სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლისა” და “რომას” (1:0) მატჩის შესახებ ისაუბრა.
ბერგომიმ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა, რომელიც “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა.
“რის გამო იყო “კვარა” უკმაყოფილო, იმის გამო, რომ შეცვალეს, თუ იმის გამო, რომ ახალ კონტრაქტს ვერ იღებს? ერთი რამ შემიძლია ვთქვა, კონტე სახეზე არავის უყურებს, ის ფეხბურთელის ხარისხს უყურებს და თუ მეტოქე გუნდისთვის ხიფათის შექმნა შეგიძლია, სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად, სათამაშო დროს გაძლევს.
დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას “კვარა” ისევ ითამაშებს, ეს არ არის “მილანისა” და რაფა ლეაუს შემთხვევა, სადაც ფონსეკა გუნდი საუკეთესო მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა, რადგან საქმეები კარგად არ მიდიოდა”, – განაცხადა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” 29 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გასვლაზე “ტორინოსთან” ჩაატარებს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings