ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა „ვალენსიამ“, რომელსაც ბოლო ორი ტურის გამოტოვება მოუხდა (რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და დიდი მსხვერპლის გამო), დღეს მე-14 ტურის შეხვედრაში „ბეტისი“ მიიღო და 4:2 დაამარცხა. გუნდმა 21 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილი ცხადია ძირითადში იყიო და სრულად ითამაშა. მართალია ჩვენმა მეკარემ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ ეს დიდად მისი ბრალი არ ყოფილა. პირველ გოლზე ფლანგიდან ჩაწოდებულ ჯარიმაზე ყველაზე კარგად და მაღლა უგო დურო ახტა და ბურთი საკუთარი კარის ცხრიანში გადაგზავნა (მეორე ტაიმში სამ წუთში ორი გოლი გაიტანა და ვითარება ასე გამოასწორა).
მეორე გოლი ავილამ გაიტანა, რომელიც საჯარიმოს ხაზთან მივიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მამარდა კი გადახტა, მაგრამ ვერ მიწვდა, რადგან ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში.
სხვა მხრივ კი განსაკუთრებულად ბევრი და რთული საქმე არ ჰქონია და მშვიდად იღებდა ასაღებ ბურთებს. უბრალოდ, ვახსენოთ, რომ პირველ ტაიმში „ბეტისს“ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვალენსიელები ქართველმა მეკარემ გადაარჩინა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა არც თუ მაღალი ქულებით შეაფასეს: sofascore – 6.2, flashscore – 6.1, whoscored – 5.8.
ვალენსია – ბეტისი 4:2
გოლები: 1:0 ტარეგა (8), 1:1 დურო (14, საკ. კარში), 2:1 დურო (50), 3:1 დურო (53), 4:1 ლოპესი (56), 4:2 ავილა (66)
„ვალენსიას“ 12 მატჩის შემდეგ 10 ქულა მოუგროვდა და ბოლო ადგილზე არა, მაგრამ ჯერ გასავარდნ ზონაშია. მომდევნო თამაში კი 29 ნოემბერს აქვს, სტუმრად „მალიორკასთან“. თუმცა მანამდე, 26 ნოემბერს, სტუმრად თასზე „პარლა ესკუელასთან“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings