საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში იმარჯვა, რითაც ევრობასკეტ 2025-ის საკაკვალიფიკაციო ტურნირში არაკომფორტული პოზიცია გამოისწორა. ერთი მოგებით საქმე არ გაკეთებულა, თუმცა ესპოოში გამართული მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო იუარესებდა ჯგუფიდან გასვლის შანსებს – 3-დან 3 წაგებით რჩებოდა და დარჩენილ მატჩებში მინიმუმ ფინეთის შინ დამარცხება და დანიის 7 ქულაზე მეტით მოგება უნდოდა. ფინეთში გამარჯვებამ კი ცხრილში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა და თუკი 24 ნოემბერს საქართველო ფინეთს თბილისშიც დაამარცხებს, ევრობასკეტზე გასვლის შანსი უკეთესი ექნება, ვიდრე კონკურენტ დანიას, რომელმაც ამ ტურში სერბეთთან შინ უშანსოდ წააგო და 2 დღეში ბელგრადშიც არ უნდა ელოდეს სხვა შედეგს.
ფინეთში ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს. ეს იყო გუნდურად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელშიც მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ შეიტანა წვლილი. საქართველოს ნაკრები 13 ქულას აგებდა და ეს ჩამორჩენა პირველივე ნახევარში გააბათილა, თუმცა ფინელები საკუთარ საფირმო იარაღს კარგად იყენებდნენ და სამქულიანებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა კვლავ მოიპოვეს. მარტო სამიანები არ იყო ფინელთა კოზირი, სკანდინავიელებს მოხსნაზე თამაშიც უხერხდებოდათ და ჩვენს საჯარიმოში ფარიდან ასხლეტილ ბურთს განმეორებითი შეტევით ქულებად აქცევდნენ.
ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია თავიდან შებოჭილი იყო. პირველ ნახევარში შენგელიამ მხოლოდ 4 ქულა, ისიც საჯარიმოებით ჩააგდო. მას ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ და ჯარიმებით აჩერებდნენ. ყველას ალბათ ის გაახსენდა, რომ შენგელიას წინა თამაშიდან 24 საათიც არ იყო გასული და მას, როგორც მატჩის შემდეგ აღნიშნა, საერთოდ არ უძინია. თუმცა თავგანწირულად დაწყებული საქმე შენგელიამ გმირულად და რაც მთავარია, წარმატებულად დაასრულა. მესამე პერიოდიდან რომ აიწყვიტა, ფაქტობრივად მისი ძალისხმევით მოხდა გარდატეხა.
შენგელიას მხოლოდ ჯარიმებით აჩერებდნენ. კაპიტანმაც ქულების საჯარიმოს ხაზიდან გროვება დაიწყო და მესამე პერიოდის ბოლო წამებზე 1 საჯარიმო რომ არ აეცილებინა, ანგარიში გათანაბრდებოდა – 63:62 ფინეთის სასარგებლოდ. მე-4 პერიოდში შენგელიამ მეტოქეს დიდი სიურპრიზი შესთავაზა. მთელი თამაში ფარისკენ ჯიქურად ხომ იწევდა, ბოლო პერიოდში პერიმეტრიდან შეუტია და ზედიზედ 3, მთლიანობაში კი 4 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიას ამ პერფორმანსის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერობა 10 ქულამდე გაიზარდა და როცა მას ხელი თანაგუნდელებმაც შეაშველეს, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საქართველო 80:58, ანუ 12 ქულას იგებდა.
აქამდე არც ერთი კალათბურთელი არ გვიხსენებია შენგელიას გარდა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმემ რამე დააკლო გამარჯვებას. მოედანზე 4 მოთამაშე არ გასულა, მაგრამ ვინც ითამაშა, მოგებაში მნიშვნელოვანი წილი დიდო. კახა ჯინჭარაძემ უმნიშვნელოვანესი 2-ქულიანი მიითვალა ბოლო წუთზე, რატი ანდრონიკაშვილმა 1 გარღევვა და 1 სამქულიანი ისეთ დროს ჩააგდო, როცა ძალიან გვიჭირდა, დუდა სანაძის სამქულიანებით კი საქართველომ პირველ ნახევარში სოლიდური ჩამორჩენა გააბათილა და შანსი შეინარჩუნა. ალექსანდრე ფევაძე 7 მოხსნით (ასევე მნიშვნელოვანი 5 ქულით) ჩვენს ნაკრებს დიდად შეეწია, ბექა ბურჯანაძე კი ბოლომდე, გულით იბრძოდა და როგორც შუაწელში, ისე ბოლო წუთებზე მეტად აჭირო ბურთები ჩააგდო. გიორგი შერმადინის 8-დან 8 საჯარიმო იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იმ გამარჯვებისა, რომელიც საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა.
ცალკე სათქმელია ჩვენი ნაკრების დებიუტანტ ამერიკელზე, რომელსაც კოჭებში ეტყობა რომ დიდი გაქანების მოთამაშეა. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა, დასრულებამდე 18 წამით ადრე კი ფინელების წელში გამტეხი სამქულიანი ჩაუგდო და მოგების იშტაზე მოსულებს ცივი წყალი გადაასხა. ზოგადად, საქართველომ მეტოქე მისივე იარაღით დაამარცხა, რაც სამქულიანებისა და საჯარიმოების ზუსტ სროლას გულისხმობს. მართალია, ფინელებმა 2-ით მეტი სამიანი (38-დან 14) ჩააგდეს, თუმცა საქართველომ გაცილებით უკეთესი (23-დან 12) პროცენტულობით ისროლა და საჯარიმოებში სულაც დაჩაგრა მეტოქე: ფინეთი 21-დან 13 საჯარიმო. საქართველო 32დან 28.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ბოლდუინის ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. გიორგი შერმადინმა 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. მატჩი საბოლოოდ 90:83 დასრულდა, ქართველებმა ფინეთში ზედიზედ მეორე გამარჯვება მიპოვეს. წინა ჯერზე, ასევე ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ტურნირზე ქართველებმა ფინეთი ესპოოს არენაზე დაამარცხეს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ფინეთიდან 22 ნოემბერს, შუადღეს გამოემგზავრება და თბილისში საღამოს ჩამოფრინდება. ორივე ნაკრები თბილისამდე ერთი თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით იმგზავრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings