1885 წელს ინგლისის ახლადშექმნილი საფეხბურთო ასოციაცია პროფესიონალურის სტატუსს იღებს და იწყება 147 წლიანი, მაგიური მოგზაურობა. პროფესიონალური სტატუსის მინიჭება მოთამაშეებს გარანტირებულ ხელფასს უქადდა, მაგრამ არსებობდა მაქსიმალური ზღვარი – 4 გირვანქა კვირაში. ზოგადად, როცა ათაპაპისეულ დროზე ვსაუბრობთ, ინფლაციის მაჩვენებლის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ჰოდა, ჩვენმა გუგლმა გვითხრა, რომ 147 წლის თავზე 4 გირვანქა 122-ჯერ ძვირად ფასობს. ანუ 1885 წელს, ვისაც კვირაში 4 გირვანქა ჰქონდა, ახლა 484 ექნებოდა. ამის გამოისობით, მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა და ორი ხელფასით არჩენდა ოჯახს. მალევე, 1888 წელს იქმნება საფეხბურთო ლიგა და იწყება პირველი ჩემპიონატი, რომელიც “პრესტონმა” დაუმარცხებლად მოიგო.
რაც შეეხება სატრანსფერო სისტემას. 1993 წლამდე მოთამაშეებს შეეძლოთ სურვილისამებრ განესაზღვრათ სად სურდათ კარიერის გაგრძელება და სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაწყვეტა. ჩვენი ძვირფასი ასოციაცია დაჯდა, იფიქრა და გადაწვყიტა, რომ ეს ცენტრალიზებული კლუბების გაჩენას განაპირობებდა, რაც ტალანტთა მიმოფანტვას აღუდგებოდა წინ და აქედან იწყება მკაცრი სატრანსფერო სისტემის სათავე.
კლუბს შეეძლო მოთამაშე ჰყოლოდა, არ ეთამაშებინა, არც წასვლის უფლება მიეცა და არც ხელფასი გადაეხადა. თავად განსაჯეთ, დასრულდა სეზონი, თქვენ გინდათ გადაბარგდეთ, პირობითად მაშინდელ გრანდ „პრესტონში“, მაგრამ ამ დროს თქვენი კლუბი გეუბნებათ, რომ მისი მონა ხართ და სადამსჯელოდ, არც გათამაშებენ და არც გაგიშვებენ. მოთამაშეს შეიძლება მთელი კარიერა უთამაშებლად დაესრულებინა ისე, რომ სხვაგან ვერ წასულიყო. ამ შემთხვევაში მოთამაშეებს ორი არჩევანი ჰქონდათ:
1) წასულიყვნენ სამხრეთის ნახევრად პროფესიონალურ ან შოტლანდიის ლიგაში და იქიდან ეფიქრათ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება.
2) ფეხბურთზე ხელი აეღოთ და რომელიმე ქარხანაში დაედოთ სამსახურეობრივი ბუდე.
1898 წელს იქმნება პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და ნელ-ნელა იწყება შეუქცევადი ბრძოლა ლიგის წინააღმდეგ. 1910 წელს, სამოყვარული სამხრეთის ლიგამაც აღიარა „RETAIN AND TRANSFER SYSTEM”, რამაც მოთამაშეების ყოფა კიდევ უფრო გაართულა.
10-იან წლებში იყო ასეთი ფეხბურთელი ჰერბერტ კინგები, რომელმაც სასამართლოში უჩივლა თავისავე კლუბს „ასტონ ვილას“, რადგან ვილანები მას არ ათამაშებდნენ, მისი ოქროს წლები კი მიფრინავდა… ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, კინგებიმ საქმე წააგო და მდინარეც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, რომელსაც 60-იან წლებამდე გაჰყვა.
1961 წელი ბრიტანულ ფეხბურთში წალგამყოფად მიიჩნევა. მოთამაშეებმა დააანონსეს გაფიცვა, მაქსიმალური სახელფასო ნიშნულს გაზრდის მოთხოვნით, რომელსაც ჯამში 718 ფეხბურთელი შეურთდა (18 წინააღმდეგი გახლდათ). მაშინ, მოთამაშეებს კვირაში 20 გირვანქაზე მეტის მიღება არ შეეძლოთ. სამქე იმგვარად მოკვარახჭინდა, რომ გაფიცვა აღარ გახდა საჭირო. სახელფასო ჭერი ორჯერ გაიზარდა და მოთამაშეები აღარ იყვნენ იძულებულნი გროშების სანაცვლოდ ეღვარათ ოფლი. „მონობის დასასრული“ – ასე შეფასდა ფეხბურთელთა გამარჯვება ასოციაციაზე. მაშინ პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაციას „ფულჰემელი“ ჯიმი ჰილი მეთაურობდა.
ხოლო ხელფასის ზრდის მოთხოვნის საქმის ავანგარდში ნიუკასლელი ჯორს ისტჰემი იდგა. ჰო, ისტჰემის გვარი დაიმახსოვრეთ, კიდევ დაგვჭირდება.
მოკლედ, ამ დიდი გამარჯვებიდან ორი წლის თავზე, სასამართლო განიხილავს საქმეს „ისტჰემი ვერსუს ნიუკასლ იუნაიტედი“. ჯორჯი უჩივის კლუბს, რადგან 1959/60 წლების სეზონში მას საერთოდ არ ათამაშებენ და ასევე წავლის საშუალებას არ ძლევენ. 1960 წელს ისტჰემი მაინც მიდის „არსენალში“ და „ნიუკასლი“ მის სანაცვლოდ 47 500 გირვანქას იღებს, მაგრამ… ფეხბურთელთა ასოციაცია გაერთიანდა და ჯორჯის დაკარგული 1 წლის გამო დავა დაიწყო. ფეხბურთელებმა მეორედ და კიდევ უფრო მასშტაბურ მოვლენაში გაიმარჯვეს. სატრანსფერო სისტემა შეიცვალა!
გამარჯვება კარგია, მაგრამ 1995 წლის ბოსმანის წესებამდე მასშტაბურ ცვლილებებს ადგილი მაინც არ ჰქონია, მაგრამ 60-იანებში ინგლისელმა ფეხბურთელებმა იძალეს!
რა ხდება დღეს? არანაირი შეზღუდვა. მოგწონს ფეხბურთელი? გადაიხადე და წაიყვანე… ჰო, ჩვენ მაინც ინგლისურ ჭრილში ვართ და ბარემ პრემიერ ლიგით ჩავხუროთ. 90 იანების სტარტზე ინგლისში სერიოზული კრიზისი დადგა. ეიზელის ტრაგედიამ მოთამაშეთა მასობრივი ემიგრაცია და ნულოვანი მიგრაცია გამოიწვია. ჰოდა, 1992 წელს იქმნება რაღაც ლიგა, სახელად პრემიერი. ის ლიგა, რომლის ბოლო ადგილოსანიც დღეს უფრო მეტს იღებს ვიდრე სერია ა-ს ჩემპიონი. ორგანიზაცია, რომელმაც მილიარდიან ნიშნულებს კარგა ხანია გადააბიჯა და მალე ტრილისაკენ გაიწევს. ოჰ, როგორი კონსერვატორი ხალხია თან. მოგწონს დეკლან რაისი? 100 მილიონი გაამზადე. რატომ კი მაგრამ? – ინგლისელია!
ასე მოვიდა ინგლისური ფეხბურთი კვირაში 4 გირვანქიდან და კლუბების მიერ დამონებული მოთამაშეებიდან, კვირაში 500 000 გირვანქამდე და ლუკაკუმდე, რომელიც ფეხსაცმელზე ხშირად სათამაშო გუნდს იცვლის.
GIPHY App Key not set. Please check settings