მონაკოში, ევროლიგის მე-4 ტურის მატჩში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელ-კალათბურთელი – შესაბამისად მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დაუპირისპირდნენ. მონაკომ ვირტუს ბოლოონიას უმასპინძლა და 101:85 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანად ითამაშა, მაგრამ ბოლონიურ კლუბს მაინც ვერ უშველა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ვირტუსის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა: 29:03 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მოაგროვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 5 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ბოლონია ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ევროლიგის ამ სეზონში თამაში არ მოუგია. შესაბამისად, იტალიური კლუბი ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბერს ბელგრადში პარტიზანთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings