in

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია: ასე გადაწყვიტეს ჟურნალისტებმა

საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!!

… „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა… მთლიანად გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც, პირველივე ჯერზე მერვედფინალში გავიდა…

ტრადიციული გამოკითხვაც, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, ანუ რჩეულები დავასახელეთ 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

წლევანდელ გამოკითხვაში 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ დაასახელეს საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი…

ჟურნალისტებმა რჩეულები ასევე ტრადიციულად პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ადრინდელისგან განსხვავებით ახლა პირველად მოხდა, რომ ანკეტა ყველა ჟურნალისტმა სრულად შეავსო. მაგალითად, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.

წლევანდელი შედეგბით საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის” „ვალენსიაში” განათხოვრებულმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ჯამში 231 ქულა მოაგროვა და ბევრად აჯობა ჩვენი ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც 123 ქულა ერგო. მესამეადგილოსანმა, ფრანგული „ლიონის” შემტევმა და 3 გოლით ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ, ვისაც ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 31 მატჩში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, 109 ქულა დააგროვა.

გიორგი მამარდაშვილი! – დიდ ფეხბურთში მეტეორივით შევარდნილი ამ ფეხბურთელის სახელი მსოფლიოს კიდიდან კიდემდე უკვე ყველას პირზე აკერია. საინტერესოა, რომ გამოკითხვის ჩატარების პერიოდში გიორგი „ვალენსიას” ფეხბურთელი იყო, ახლა კი ის ლივერპულელია. დიახ, ის უდიდესი „ლივერპულის” მეკარეა, ვის სანაცვლოდაც ინგლისელებმა ესპანელებს 40 მილიონი ევრო გადაუხადეს და ზაფხულამდე ისევ „ვალენსიაში” გაანათხოვრეს. რა უნდა ვთქვათ გიორგის შესახებ? ან ძალიან ბევრი, ანაც – ორიოდ სიტყვა. ფეხბურთის ყველა მოყვარულმა კარგად იცის რა სასწაულები აკეთა მან ევროპის ჩემპიონატზე, შესარჩევ ეტაპზე ან შემდეგ, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან ფლეი ოფის მატჩებისას… ერთიც დავამატოთ: საქართველოს ნაკრებს მსოფლიო დონის მეკარე ჰყავს და არ გვგონია ამ სიტყვების შემდეგ ბევრი მოკამათე გამოგვიჩნდეს.

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად მეორეა, ევრო-ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კი მესამე… ამადაც იყო წინა სეზონის შედეგ ურთულესი არჩევანის გაკეთება და ვიმედოვნებთ, მომავალშიც ასე იქნება.

ნომინანტთა შორის სულ 8 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.

ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი გამოკითხვაში მონაწილე ყველა ჟურნალისტმა დაასახელა და აქაც, დიდი უპიტრატესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, ვინც, სხვათა შორის ორმა კოლეგამ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში პირველ ადგილზე დაასახელა. გიორგისთვის, ცხადია, ეს დიდი აღიარებაა და ჩვენი ბრინჯაოს პრიზიც (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა”) ალალი იყოს. ვისურვოთ, მალე უფრო მაღალი დონის გუნდში გვენახოს, რისი წინაპირობაც მან თავად შექმნა.

წლეულს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით – „ბასა” – დავაჯილდოეთ დიდი ქართველი ფეხბურთელი, სსრკ ნაკრებისა და თბილისის „დინამოს” კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, ვინც საზეიმო საღამოს გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო, თუმც პრიზი მას შინ მივართვით, რითაც ფრიად გახარებული დარჩა. „სარბიელის” რედაქციამ მურთაზ ხურცილავას კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. აქვე ვთქვათ, რომ შარშან „ბასა” მანუჩარ მაჩაიძემ მიიღო.

აქვე მადლობა მოქანდაკეებს – ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ჩვენს გამოკითხვაში გამარჯვებულებისთვის ექსკლუზიური და ვფიქრობთ, ძალიან ლამაზი პრიზების დამზადებისთვის.

sarbieli.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში 

გაასხვისებს ლიონი მიქაუტაძეს? – მწვრთნელი წინააღმდეგია