in

ფრე იქნება: დემჩენკოს აზრით საქართველო უკრაინაზე მიმზიდველია, ხვიჩა კი მუდრიკზე ორი თავით მაღლაა

გორის “დილისა” და ბათუმის “დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემა Sport-express.ua-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ერთა ლიგის III ტურში 11 ოქტომბერს გასამართ მატჩზე ისაუბრა:

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კირილ კოვალჩუკმა, ჩემს კოლეგა ალექსანდრ პეტროვთან ინტერვიუში საკმაოდ მკვეთრად შეაფასა გუნდის ბოლო შედეგები და ჩვენი ფეხბურთის ლიდერებს უსაყვედურა, თითქოს, იქამდე დავიდნენ, რომ საქართველოსთან ფავორიტები არ ვართ. რებროვისა და სანიოლის გუნდების ბრძოლაში უპირატესობას ვის ანიჭებთ?

მე უკრაინელი ვარ, ამიტომ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ობიექტური ვიყო, რადგან, ბუნებრივია, მხარს ჩვენებს ვუჭერ. მაგრამ უკვე მრავალი წელია საქართველოში ვმუშაობ, ასე რომ, ჩემთვის სანიოლის გუნდი უფრო მიმზიდველად გამოიყურება და ამ თამაშში ფავორიტები ქართველები არიან.

ახლა ისინი უმატებენ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს ევრო 2024-ზე – გავიდნენ მერვედფინალში, რასაც მათგან ცოტა თუ ელოდა. ერთა ლიგაც ორი მშვენიერი გამარჯვებით დაიწყეს – 1:0 დაამარცხეს ალბანეთი, ხოლო ჩეხეთი – 4:1. ახლა საქართველოს შეჩერება რთული იქნება, გუნდი თამაშიდან თამაშამდე მხოლოდ ძლიერდება, რადგან ფეხბურთელები სუო უფრო კარგად თამაშობენ, გუნდში კარგი მიკროკლიმატია, ბიჭები მწვრთნელს ენდობიან…

საქართველოს დღევანდელი ნაკრები შევჩენკოს დროინდელ უკრაინას არ მოგაგონებთ? იმ დროს ჩვენ გვყავდა აშკარა ლიდერი ანდრეის სახით და რამდენიმე ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშე – რებროვი, შოვკოვსკი… ქართველებს ახლა აშკარა ლიდერი ჰყავთ – ხვიჩა კვარაცხელია, მის გვერდით გიორგი მიქაუტაძე, ასევე მამარდაშვილი და სხვები…

დიახ, “კვარა” ქართველი “შევაა”. ის უკვე გახდა იტალიის სერია A-ს ლეგენდა. ზოგადად, საქართველოს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. ეს ახალგაზრდობისა და გამოცდილების თავისებური შერწყმაა. მაგალითად, მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, საიმედო მეკარე კი გუნდის ნახევარია. თუმცა, დანარჩენებიც საკმაოდ სოლიდური მოთამაშეები არიან. ქართველების ტაქტიკური სქემა და თამაშის სტილი არც თუ ისე გავრცელებულია.

თითქმის მთელი ის დრო, რაც ვილი სანიოლი საქართველოს წვრთნიდა, გუნდს 5-3-2 ფორმირებით ათამაშებდა. კვარაცხელია, რომელიც “ნაპოლიში” გარემარბია, მიქაუტაძესთან ერთად ნაკრების მატჩებში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს – მათი შეტევა ძალიან ძლიერია.

ამასთან, საქართველო კონტრშეტევებზე მაქსიმუმ 4 მოთამაშით გადადის. ისინი შანსს ელიან და შემდეგ “ფეთქდებიან”. ბურთს მხოლოდ მაშინ აკონტროლებენ, როცა მოწინააღმდეგე ამის საშუალებას აძლევს. ნომინალურად, სანიოლის გუნდი თამაშობს 5 მცველით, მაგრამ რეალურად დაცვაში 6 ან 7 ფეხბურთელია, სადაც ორი ნახევარმცველი, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან უკან იხევს.

ქართველებს ასევე ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავთ, რომელშიც ევროპული კლუბების ფეხბურთელები თამაშობენ. ისეთი დიდი სახელი არ აქვთ, როგორიც ხვიჩას ან მამარდაშვილს, მაგრამ ნახევარდაცვასაც ჰყავს თავისი ლიდერი – გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური “უოტფორდიდან”. ის შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველია. განსხვავებას ეს ტრიო ქმნის.

…და კიდევ ერთი რამ. ვინ არის საქართველოს მთავარი ვარსკვლავი, “ლოკომოტივი”, რომელმაც ეს გუნდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა?

პირველ რიგში, საქართველოს ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი. ვილი სანიოლი გუნდს 2021 წლიდან წვრთნის და ახლა, მუშაობის მესამე წელს, როგორც ჩანს, მთელი თავისი იდეების განხორციელება შეძლო. ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებიდან დაწყებული, ქართველები სტაბილურობას აჩვენებენ. იყო 1:7 ესპანეთთან, მაგრამ ეს გამონაკლისი გახლდათ.

სანიოლი შეხედულებებს ხშირად არ იცვლის. მან აირჩია ტაქტიკა და სტრატეგია, შეარჩია ფეხბურთელები, რომლებიც მისი გუნდის “ხერხემალს” ქმნიან და თავდაჯერებულად აგრძელებს ამ ხაზს. ვილიმ გუნდში დისციპლინაც განამტკიცა.

მართალია ის არ არის გერმანელი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ზინედინ ზიდანის თანაგუნდელია. ამასთან, თითქმის მთელი თავისი პროფესიული კარიერა გერმანიაში გაატარა – “ბაიერნში” თამაშობდა, ამიტომ, დისციპლინა მისთვის ცარიელი ფრაზა არ არის.

საქართველოს ნაკრების მოხვედრა ევრო 2024-ის მერვედფინალში სენსაცია იყო?

ევრო 2024-მდე ინტერვიუ მივეცი ქართულ მედიას. მკითხეს – უკრაინისა და ადგილობრივი გუნდების შესახებ, მთხოვეს შანსების შეფასება და პროგნოზების გაკეთება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალში გავიდოდა, საქართველო კი – ვერა, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ასე რომ, დიახ, ჩემთვის სანიოლის გუნდის პლეი-ოფში გასვლა არ იყო უბრალოდ სიურპრიზი, არამედ, ეს იყო სუპერსენსაცია.

ქართულ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჰყავს არა ერთი ვარსკვლავი, როგორიც ადრე კალაძე ან ქინქლაძე იყვნენ, მაგრამ ახლა ჰყავს რამდენიმე. ფაქტობრივად, იგივეა, რაც უკრაინის ნაკრებში. როგორ ფიქრობთ, ვინ არის უფრო ძლიერი თავდამსხმელი – მიქაუტაძე თუ დოვბიკი?

ისინი განსხვავდებიან. მიქაუტაძე ხისტი და სწრაფია, დოვბიკი კი ფიზიკურად ძლიერია. არტიომი ყოველთვის გოლზეა ორიენტირებული, შეუძლია, მატჩის ბედი თავად გადაწყვიტოს. ჟორჟი უფრო თანაგუნდელებზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, ის დაცვაშიც ბევრს მუშაობს, რასაც ჩვენი თავდამსხმელი ყოველთვის არ აკეთებს.

ვინ არის უფრო სანდო მეკარე – მამარდაშვილი თუ ტრუბინი?

ევრო 2024-ზე მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა. ჩემი აზრით, მან ევრო 2024-ზე პირველი ნომრის ტიტული დაიმსახურა. ტრუბინმა და, განსაკუთრებით, ლუნინმა კი ვერ მომხიბლეს. დღეს ანატოლი, ჩემი აზრით, უკრაინის ნაკრების პირველი ნომერია. ის პროგრესირებს და “ბენფიკას” კარში ადგილიც მოიპოვა. და ვინ არის უკეთესი – გიორგი თუ ანატოლი? მათ კლასში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივე საუკეთესო მეკარეა.

ნომინალურად, კვარაცხელია ჩვენი მიხაილ მუდრიკივით მარცხენა გარემარბია…

მესმის, საითაც “მექაჩებით”. დღეს ხვიჩა მიხეილზე ორი თავით მაღლა დგას. ის უკვე მოწიფული მოთამაშეა, ანუ, უკვე ბრილიანტია, ხოლო მუდრიკი ჯერ კიდევ დასამუშავებელი ბრილიანტია, კიდევ საჭიროებს დახვეწას. მიხეილი ისევ საკუთარ თავს ეძებს, ხვიჩამ კი უკვე იპოვა. თუმცა ნიჭიერებით მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება.

თქვენ საკმაოდ ნათლად აღწერეთ საქართველო და მისი მწვრთნელი. რაც შეეხება უკრაინას, რატომ დამარცხდა გუნდი ევრო 2024-ზე და მართებულად მოითხოვენ თუ არა რებროვის გათავისუფლებას?

უკრაინის ამ ნაკრებში ყველა პოზიციაზე არიან ფეხბურთელები ევროპის უმაღლესი ლიგებიდან. ზაბარნი, მიკოლენკო, ზინჩენკო, მუდრიკი, ციგანკოვი, დოვბიკი… ყველა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებში და ღირსეულ კლუბებში თამაშობს, მაგრამ…

ვფიქრობ, ევროზე წარუმატებლობის მთავარი პრობლემა მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, მიკროკლიმატთან დაკავშირებული საკითხიც იყო. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჯერ ამაზე უნდა იმუშაონ.

რაც შეეხება რებროვს, ის ინტელექტუალური და ნიჭიერი სპეციალისტია. ვაღიარებ, რომ მისი სამწვრთნელო მეთოდებით ბევრი რამ ვისწავლე. სერგეიმ შესანიშნავად იმუშავა “დინამოში”, “ფერენცვაროშში” და “ალ-აინში”. ნაკრებში კი საქმე ჯერ ვერ ააწყო.

რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ნაკრების სპეციფიკას ჯერ ვერ მიეჩვია. ყველა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცის: კლუბში ყოველდღე მუშაობა და ნაკრებთან ვარჯიში, სადაც მაქსიმუმ თვეში ერთხელ გაქვს ფეხბურთელებთან კონტაქტი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ნუ მოითხოვთ რებროვის გადადგომას, მიეცით დრო.

უკრაინა-საქართველოს მატჩზე თქვენი პროგნოზი…

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფავორიტებად მივიჩნევ, რა თქმა უნდა, უკრაინას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, თამაში 1:1 ან 2:2 დასრულდება.

lelo;ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შვედებმა მოგვიგეს და მეორე ადგილი დავუთმეთ, მაგრამ შანსი რჩება

ჩვენ მოგების უფრო მეტი შანსი გვაქვს: როგორ აფასებენ ქართველი ვეტერანები უკრაინასთან შეხვედრას