ბუდუ ზივზივაძე უკვე გოლებთან ასოცირდება. ჩვენს ფორვარდს დიდებული დასაწყისი აქვს მეორე ბუნდესლიგაში. სწორედ ჩვენიანი აგროვებინებს ქულებს „კარლსრუეს“, რის გამოც ეს გუნდი ცხრილში პირველ ადგილზეა.
ახლაც ქართველი ფორვარდის დუბლით გაიმარჯვა „კარლსრუემ“ და მორიგი 3 ქულა მიიმატა: 2:0 „შალკესთან“.
ბუდუმ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, წამატებულ დროში გახსნა. დაახლოებით პენალტის ნიშნულთან ციბრუტივით იტრიალა უამრავი მეტოქის გარემოცვაში, რაღაცნაირად ბურთი ჩაიგდო, გაძვრა ორ მეტოქეს შორის და ბურთი კარში გაუშვა.
მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა: ზუსტად დაუხვდა ზედ კარის ხაზთან მოგერიებულ ბურთს და უპრობლემოდ შეაგორა კარში.
მეორე ტაიმში ბუდუ რამდენიმე იერიშში მონაწილეობდა და დასაწყისშივე გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა, რადგან მანამდე ბურთი თამაშიდან იყო გასული.
ზივზივაძემ ყვითელი ბარათიც მიიღო და საბოლოოდ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.
მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ძალიან კარგი ქულებით შეაფასეს: whoscored – 8.4, sofascore – 8.2, flashscore – 8.1.
ბუდუს უკვე 6 გოლი და 1 ასისტი დაუგროვა და ტურნირის ბომბარდირია.
კარლსრუე – შალკე 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (45+3), 2:0 ზივზივაძე (73)
„კარლსრუე“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. 22 სექტემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings