დღეს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის „იბერია“ თურქული „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში „მიხეილ მესხზეა“ და 20:00 საათზე დაიწყება.
ჩვენმა გუნდმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში გამართა, მანამდე კი ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა.
ლევან კორღალიძე („იბერიას“ მწვრთნელი):
„ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები. შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება“.
გიორგი კოხრეიძე:
„მოგების ემოციებმა დაღლილობა სრულად გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ იბერიას ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ ქართველ გულშემატკივარს. იბერია ერთადერთი კლუბია ევროთასებზე და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ მოვიდნენ.
საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა”.
GIPHY App Key not set. Please check settings