გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” დაბრუნდა და გუნდთან ერთად მზადება დაიწყო. ქართველმა მეკარე სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მოგეხსენებათ, რამდენი ვარიანტი იწერება მისი სხვა გუნდში გადასვლაზე, თუმცა ჩვენიანს მეკარის კვალობაზე დიდი ფასი ადევს და ამხელა თანხის გადახდას თუნდაც ტოპ გუნდები ერიდებიან. ამის დასტურია „ნიუკასლი“ და „ჩელსი“, რომლებმაც უკვე აიყვანეს ახალი მეკარეები, ხოლო „ატლეტიკო“ „რეალის“ უკრაინელ ლუნინზე უფრო ფიქრობს.
სამაგიეროდ, გიორგის საყიდელი ფული აქვს საუდის არაბეთის კლუბებს. ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ მამარდაშვილს რომელიღაც იქაური კლუბი ზღაპრულ წინადადებას სთავაზობს. თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება მიზანშეწონილი. ევროპაში თამაში, თანაც ლა ლიგაში, მაინც სულ სხვა რამაა.
თავად გიორგის მოკლე კომენტარი კი ასეთია: „მე კი მინდა დარჩენა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება”.
GIPHY App Key not set. Please check settings