ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მოგების ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად დამარცხდა – 14:15 – და ოლიმპიადას გამოეთიშა.
თუმცა ამ ორთაბრძოლას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.
ჩვენიანი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს აპროტესტებდა. სანდროს თქმით, მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.
“საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა.
შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი”, – ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings