ყველაფერ კარგს დასასრული აქვს და არც მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორის ზღაპარი აღმოჩნდა გამონაკლისი. 15 წელი, 25 ტიტული (ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე კლუბის ისტორიაში), 564 ოფიციალური მატჩი, 38 გატანილი გოლი და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველის სტატუსი. ეს მარსელოს მადრიდული მონაგარია, მაგრამ თმახუჭუჭა ბრაზილიელი იმ მოთამაშეთა სიაშია, მშრალი სტატისტიკის აღწერით ფონს რომ ვერ გავალთ.
„მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი. დიდი მადლობა ჩემს მეუღლე კლარისს, რადგან დღეს მე ის მარსელო არ ვიქნებოდი, თქვენ რომ გიყვართ. განსაკუთრებული მადლობა რაულს. შენ საუკეთესო კაპიტანი და მაგალითი ხარ. ამას პირველად ვამბობ, მაგრამ შენ ჩემი კერპი ხარ“ – ემოციებით გაჯერებული გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას 34 წლის ბრაზილიელმა ცრემლები ვერ შეიკავა. როგორი ამბავია, რობერტო კარლოსის შემდეგ მიხვიდე „ლოს ბლანკოსში“ გაუძლო ამ წნეხს და წლების განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო იყო შენს პოზიციაზე. მარსელომ ეს მოახერხა!
„მე არ ვამბობ მშვიდობით, რადგან ჩემი გული ყოველთვის აქ დარჩება“. 2007 წელს მადრიდის „რეალმა“ ფლუმინენსეს 6.5 მილიონი ევრო გადაუხადა თმახუჭუჭა ბიჭის სანაცვლოდ. „ვინ არის? შეუძლია ისე თამაში, როგოც მისმა თანამემამულემ მიგვაჩვია?“- ამდა სხვა შეკითხვებს თორმეტმა ნომერმა მქუხარე პასუხი შეაგება და სახელი მარსელო სამუდამო ლეგენდების სიაში შეიყვანა. ბერნდ შუსტერის „რეალს“ გასაოცარი არ ეთქმოდა, თანაც მალევე გვარდიოლას „ბარსამ“ გადასწია ფარდა და დიდ სცენაზე გამოვიდა. იმედგაცრუებას იმედგაცრუება მოსდევდა, იყო 0-5 და 2-6 კლასიკოში. იყო დაუძლეველი „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს ხომ „რეალია“. ყველაფერი დალაგდა და გუნდმა ბოლო 8 წელიწადში 5 ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა! მარსელო ამ ყველაფრის ავანგარდში იყო…
„სელესაოს“ რიგებში დებიუტი 2006 წლის სექტემბერში ჰქონდა. ესეც როგორი სიმბოლურია, ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ, კარლოსის შემცვლელად მარსელო წამოსწიეს და მანაც 58-ჯერ მოირგო ბრაზილიის ნაკრების კვართი. ვაჰ, არადა არ მთავრდება ამ კაცის რეგალიები.
ემოციური აღმოჩნდა ფლორენტინო პერესის სიტყვებიც: „დღეს, ჩვენ მადლობას გეუბნებით კაპიტანო, კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანო მოთამაშევ და ყველა დროის ერთ-ერთო საუკეთესო მარცხენა მცველო! მახსოვს 18 წლის მარსელო, რომელიც ოცნებებით აღსავსე მოვიდა და მან ყველაფრის რეალობაში თარგმნა მოახერხა! ჩვენ, შენით ვამაყობთ!“ ასე დასრულდა მარსელოს მადრიდული ცხოვრება. ვენი, ვიდი, ვიცი… მივიდა, ნახა და ყველაფერი დაიპყრო! სად წავა მარსელო ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ. მსურველთა ნუსხა კი უკიდეგანოა…
GIPHY App Key not set. Please check settings