ევროპის 2024 წლის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. ევროპას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს და რაც მთავარია სამართლიანი. დიახ, ეს იყო სამართლიანი „გადაწყვეტილება“. ესპანეთი ლამის ერთადერთი იყო (ალბათ ნაწილობრივ გერმანიასთან ერთად),რომელმაც მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა, გოლები გაიტანა, თამაშები ოიგო, აჩვენა, რომ არის გუნდი და ყველა მატჩის მომგები გახდა კიდეც ჩემპიონი. სხვას ამ ტურნირზე ამაზე მეტად არც ეკუთვნოდა წარმატება.
ესპანეთმა გზად საქართველოს ნაკრებიც ჩამოიშორა (1/8 ფინალში), ანუ წავაგეთ მომავალ ჩემპიონთან, რომელიც გავიხსენოთ, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში იყო და თბილისში მასტერ კლასი გვაჩვენა (7:1).
მოკლედ, ვულოცავთ ესპანეთს და როგორც თავად უყვართ ხოლმე: ¡Reyes de Europa! – ევროპის მეფეები.
ევრო 2024: ფინალი
ესპანეთი – ინგლისი 2:1
14 ივლისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 70 644 მაყურებელი
გოლები: 1:0 უილიამსი (47. იამალის პასით), 1:1 პალმერი (73. ბელინგემის პასით), 2:1 ოიარსაბალი (86. კუკურელიას პასით)
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი (83. ნაჩო ფერნანდესი), ლაპორტი, კუკურელია, ფაბიან რუისი, როდრი (46. სუბიმენდი), იამალი (89. მერინო), ოლმო, უიალიამსი, მორატა, (68. ოიარსაბალი)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნზი, გუეი, საკა, მაინუ (70. პალმერი), რაისი, შოუ, ბელინგემი, ფოდენი (89. ტონი), კეინი, (61. უოტკინსი)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
გაფრთხილება: კეინი (25), ოლმო (31), სტოუნზი (53), უოტკინსი (90+2)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე (უეფა-ს ვერსია): ნიკო უილიამსი
არბიტრი: ფრანსუა ლეტექსიე (საფრანგეთი)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნიკო უილიამსი.
ესპანეთმა მეოთხედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს რეკორდია. ევროპა სამჯერ აქვს მოგებული გერმანიას.
ესპანეთის ნაკრები გახდა რეკორდსმენი ერთ ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობით (15).
ესპანეთის გახდა პირველი ნაკრები მსოფლიოში, ვინც მოიგო ბოლო ოთხი ფინალი დიდ საფეხბურთო ტურნირებზე.
ესპანეთის არც ნაკრები და არც კლუბი 2001 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის ფინალში არ დამარცხებულა.
17 წლისა და 1 დღის ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მოიგო დიდი ტურნირის ფინალი.
ესპანელ ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული 17 მატჩით ალვარო მორატას საუკეთესო შედეგი აქვს.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში აქამდე არასოდეს უთამაშია ორ თინეიჯერს – ამ შემთხვევაში, ლამინ იამალს (ესპანეთი) და კობი მაინუს (ინგლისი).
ესპანელთა მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მოგებული აქვს 19-წლამდელთა, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები და ახლა უკვე – ევრო 2024.
ინგლისი გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ზედიზედ წააგო ევროპის ჩემპიონატის ორი ფინალი.
ჰარი კეინმა კარიერაში 6 ფინალი ითამაშა და ექვსივეში დამარცხებული დარჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings