ზურიკო დავითაშვილი “სენტ-ეტიენში” ოფიციალურად გადავიდა.
ლიგა 1-ში დაბრუნებულმა “სენტ-ეტიენმა” ქართველ შემტევს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. “ბორდოს” ამ გარიგებიდან 6 მილიონ ევრომდე ერგება.
ზურიკომ განაცხადა, რომ ისტორიულ კლუბში გადასვლით ბედნიერია, მოუთმენლად ელის თამაშს და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობა მისთვის დიდი გამოწვევაა.
გუნდის მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ აღნიშნა, რომ დავითაშვილს ტექნიკური უნარები გააჩნია. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, პასების გაკეთებაც შეუძლია, გოლების გატანაც და მისი ძალისხმევით ბურთის დაჭერის საშუალება მიეცემათ.
დავითაშვილმა წინა სეზონის 39 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
“სენტ ეტიენი” საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი და თასის 6-გზის მფლობელია, ერთხელაც ლიგის თასი აქვს მოპოვებული, ხოლო 1976 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში 0:1 წააგო “ბაიერნთან”.
გუნდის მთავარი მწვრთნელია 60 წლის ოლივიე დალ’ოლიო. “სენტ ეტიენში” ის 2023 წლის დეკემბერში მივიდა და ორწლიანი პაუზის შემდეგ გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში დააბრუნა.
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკოს გულშემატკივრებისთვის წარსადგენად ვიდეორგოლი დაამზადა, სადაც ქართული ჰიმნი გაჟღერდა.
„მობრძანდით, ზურიკო“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
დავითაშვილი თავის მხრივ დაემშვიდობა „ბორდოს“ და დაწერა:
„მოგესალმებით. მოვიდა დრო დავემშვიდობო ბორდოს. ეს იყო ლამაზი 2 წელი დიდებულ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შევასრულეთ ის მიზანი, რაც დავისახეთ და გულშემატკივრებს გაახარებდათ, თუმცა თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მივდივარ, თუმცა ამ ადგილიდან ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს.
მადლობა და წარმატებები“.
GIPHY App Key not set. Please check settings