26 ივლისს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება, სადაც ცხადია საქართველოც გამოვა.
საქართველო ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაციით იასპარეზებს. პარიზში სულ 28 ქართველი სპორტსმენი გამოვა, მაშინ, როცა ჩვენი რეკორდი 40 იყო (რიო 2016), ხოლო ანტირეკორდი – 34 (ატლანტა 1996).
ამ დროისთვის ოლიმპიური ლიცენზიები მოპოვებული აქვთ – ორ მოკრივეს: ლაშა გურულსა და გიორგი ყუშიტაშვილს.
ფარიკაობაში ლიცენზია მოპოვებული აქვს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს. ლიცენზია განაღდებული აქვს ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა). ასევე რეკორდსმენ ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა). ეს სალუქვაძისთვის მე-10 ოლიმპიური თამაშები იქნება კარიერაში.
ძალოსნობაში სამი ლიცენზია გვაქვს: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზებენ გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მხოლოდ ორი ლიცენზია გვქონდა – რამაზ ზოიძე და რობერტ კობლიაშვილი. საბედნიეროდ, ბელარუსი მოჭიდავის მოკვეთის გამო, დაგვემატა ლაშა გობაძეც.
ძიუდოში ვაჟთა შორის ყველა წონაში გვაქვს ოლიმპიური ლიცენზია – გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი. ქალებში კი სამი ლიცენზიაა მოპოვებული: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
პირველად ისტორიაში ძიუდოს გუნდურშიც მოპოვებულია ლიცენზია. საქართველოს ძიუდოში 11 (10 ინდივიდუალური, 1 გუნდური) ლიცენზია აქვს.
ჯამში 25 ლიცენზიანტს (და 26 ლიცენზიას) დაემატა კიდევ 3 “ველური ბარათი”: ორი ცურვაში და 1 მძლეოსნობაში. ცურვაში ერთი სავარაუდო ლიცენზიანტი ნოე ფანცხავაა. მძლეოსნობის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიადაზე ლიკა ხარჩილავა გაუშვას. პარიზში ის 100 მეტრზე სირბილში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს სულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით 40 მედალი აქვს მოპოვებული: 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო. ტოკიოში ჩვენი მონაგარი იყო 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
პარიზის ოლიმპიადის ყველა მონაწილე უკვე ოფიციალურად არის ცნობილი:
- გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო)
- ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
- ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო)
- ლაშა ბექაური (ძიუდო)
- ილია სულამანიძე (ძიუდო)
- გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
- ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
- ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო)
- სოფიო სომხიშვილი (ძიუდო)
- საქართველოს ძიუდოს ნაკრები (გუნდური შეჯიბრი)
- გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
- ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
- გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
- რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
- ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
- რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
- შოთა მიშველიძე (ძალოსნობა)
- ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა)
- ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
- ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
- სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
- ლაშა გურული (კრივი)
- გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
- ლიკა ხარჩილავა (მძელოსნობა)
- ანა ნიჟარაძე (ცურვა)
- ნოე ფანცხავა (ცურვა)
GIPHY App Key not set. Please check settings