გიორგი წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილია, საკლუბო კარიერაში კი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა სიახლე დააანონსა – ამის შესახებ „ჯვაროსნების“ მოთამაშემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხალხს ვაჩვენეთ – საქართელოს ნაკრებს შეუძლია ბრძოლა ყველასთან, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ალბათ ეს მოედანზეც ჩანს. ყველა ამბობს, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი თამაში. შესაძლოა, მეტიც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და გამოცდილება არც გვაქვს.
გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ სტადიონზე რომ გავედით, ყველა განსხვავებულ გარემოში მოვხდით, ეს რაღაც სხვა იყო, ვიდრე აქამდე გვენახა. რასაც მთელი ბავშვობა ტელევიზორში ვუყურებდით და ვოცნებობდით, ჩვენთვის რეალობა იქცა, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, ეს რა ისტორიული ამბავი მოხდა და სად ვთამაშობთ.
იმედია, ევრო 2024 დაგვეხმარება, რომ პატივისცემა გაიზარდოს ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩემპიონატით დაინტერესდნენ და ევროპაში რაც შეიძლება მეტი საინტერესო მოთამაშე წაიყვანონ.
რაც შეეხება ჩემს კარიერას, ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაფერზე განზე გავწიე, რადგან თამაშებისთვის ვემზადები. თუმცა 99 პროცენტით ვიცი, სად მივდივარ. გუნდს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ევროპული კლუბია და სხვა ვარიანტს არც განვიხილავდი“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings