საქართველოს ნაკრები დღეს ევრო 2024-ზე პორტუგალიას ეთამაშება და ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდება.
მცირედი სტატისტიკა:
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო – 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. ამ თამაშებში მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანა გოლი: 26 მარტს საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალი 0:0.
ჩეხეთთან გატანილი გოლი გიორგი მიქაუტაძისთვის მე-12 იყო საქართველოს ნაკრებში (27 მატჩი). ამ მაჩვენებლით ის ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს გაუთანაბრდა. ოღონდ დემეტრაძემ ეროვნულ გუნდში 56 შეხვედრა ჩაატარა, კობიაშვილმა – 100.
კრიშტიანო რონალდო მეექვსედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც რეკორდია. ის პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც დიდ ტურნირზე 50 სანაკრებო მატჩი ექნება ჩატარებული. ჩვენთან შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე 28-ე იქნება, პლუს 22 მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე.
საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პირველად ითამაშებს. პორტუგალია კი ამ ქალაქში მესამე მატჩს ჩაატარებს. წინა ორი შემთხვევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. პორტუგალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მექსიკას 2:1 მოუგეს, მეოთხედფინალში კი ინგლისს პენალტების სერიაში აჯობეს.
ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ სამივე მატჩი მხოლოდ ერთხელ – ევრო 2000-ზე მოიგო.
საქართველო და პორტუგალია შესარჩევ ტურნირებზე არასოდეს შეხვედრილან. მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ამხანაგურად. საინტერესოა, რომ 16 წლის წინანდელი მატჩიდან დღეს ისევ თამაშობენ პეპე, რონალდო და ლორია.
ხოლო იმ მატჩის მონაწილე ხიზანიშვილი სამწვრთნელო შტაბშია, კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტია და ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე არიან იაშვილი და მუჯირი.
პორტუგალია – საქართველო 2:0
31 მაისი, 2008. ამხანაგური მატჩი. ვიზეუ.
გოლები: 1:0 ჟოაო მოუტინიუ (18), 2:0 სიმაო საბროსა (44, პენალტით)
პორტუგალია: რიკარდო (46. კუიმი), ჟოზე ბოსინგვა (61. ლუიშ გარსია), პეპე (62. ფერნანდო მეირა), რიკარდო კარვალიო (46. ბრუნო ალვეში), პაულო ფერეირა, ჟოაო მოუტინიო (71. მიგელ პერეირა), პეტიტი (46. მიგელ ველოზუ), დეკუ (46. რაულ მეირელეში), კრიშტიანო რონალდო (46. კუარეჟმა), ნუნუ გომეში ( 62. ელდერ პოშტიგა), სიმაო საბროსა (46. ლუიშ ნანი).
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი.
საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), მალხაზ ასათიანი, გიორგი ნავალოვსკი (81. გიორგი მერებაშვილი), ზურაბ მენთეშაშვილი (61. ამირან სანაია), ლევან ყენია (68. რევაზ ბარაბაძე), ლევან კობიაშვილი (46. ბექა გოცირიძე), ალექსანდრე იაშვილი (46. დავით დევდარიანი), რატი ალექსიძე (38. დავით მუჯირი), ლევან ცქიტიშვილი (46. ირაკლი კლიმიაშვილი).
მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: პეტარ სეგრტი (ხორვატია).
GIPHY App Key not set. Please check settings