იტალიური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების კარგ ასპარეზობას აღნიშნავენ და ამასთან, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დიდ ზემოქმედებას მის მიმართ პსჟ-ის დაინტერესება იწვევს.
“კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” და ფეხბურთელს დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი – 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.
თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დაეთანხმა და პარიზელთა შეთავაზება უარყო. მალე კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და “ნაპოლის” შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მხარეებს შორის ძნელი
იქნება კონსესუსის მიღწევა, რამეთუ აგენტი თავისი კლიენტისთვის 6-7-მილიონიან ხელფასს, ბონუსებს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას ითხოვს.
დე ლაურენტისი თანახმაა, 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ გამოსყიდვის უფლების კატეგორიული წინააღმდეგია და გერმანიაში მოსალაპარაკებლად სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას გაუშვებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ “კვარას” აურელიო არაადეკვატურ ფასს ადებს და ეს მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება თვით დიეგო დემეზე ნაკლები იყო, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა.
Il Mattino-ს ცნობით, აგენტისა და ხვიჩას მამის ნათქვამი მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, ვინაიდან “კლანის” ზეწოლის სტრატეგია მცდარია, ამან დე ლაურენტისი მხოლოდ გააღიზიანა, მანას “დიპლომატიური მისია” შეაჩერა და საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე კვირით გადაიდო. ერთი სიტყვით, მან მანას გერმანიაში გამგზავრება აუკრძალა:
“კონტრაქტის განახლება განიხილება, თუმცა იტალიურ კლუბს სურს, საკუთარი პირობები უკარნახოს. დე ლაურენტისს და კონტეს გაცნობიერებული აქვთ, რომ ქართული მხარის მიერ თეატრალური გადატრიალების მცდელობით კლუბის იმიჯს ზიანი მიადგება”.
“ტუტოსპორტის” ჟურნალისტის, რაფაელე აურიემას აზრით, 10 მილიონად შეძენილ “კვარაში” როდესაც 80-90 მილიონს სთავაზობენ, დაუყოვნებლივ უნდა გაყიდონ, არ შეიძლება კლუბს სატრანსფერო პოლიტიკა გულშემატკივრებმა უკარნახონ, რადგან ფეხბურთი დიდი ბიზნესია, როცა ამხელა თანხას გაძლევენ და ფეხბურთელსაც წასვლა უნდა, დათანხმებაა საჭირო.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings