საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება.
13 ივნისს, ჩვენმა გუნდმა IMS არენას საწვრთნელ ბაზაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვერკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.
ვარჯიშის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.
ოთარ კაკაბაძე:
“უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.
რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.
ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს”.
შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 14 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის, 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings