საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა.
ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 5 ივნისს შეუერთდება.ჩვენი გუნდი 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
მოსამზადებელი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი):
„შეუძლებელია, რომ კარგი ემოციების გარეშე იყო ამ შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატს ხშირად არ თამაშობ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოსთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. თუმცა, ისე უნდა მივუდგეთ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშებისთვის ვემზადებით.
შეიძლება ითქვას, რომ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სეზონის დაწყებამდე. ისეთი ჩემპიონატისთვის ვემზადები, თან იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. ეს თითქოს ენერგიას გმატებს, უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას იღებ და მზად ხარ ყველაფრისთვის.
მთავარია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ხალხს მივანიჭოთ სიამოვნება ამ ყველაფრით. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ გულებს ისევ გავახარებთ“.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings