საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში ავსტრიაში მორიგი ვარჯიში გამართა.
2 ივნისის საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მათთან ერთად ნაკრების ვარჯიშში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე მონაწილეობდნენ.
შეკრების მიმდინარეობის და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ ეროვნულ გუნდში არსებული განწყობის შესახებ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილი გააკეთა.
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):
“შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.
თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ”.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს ამ კვირიდან დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings