ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ჩეხეთია, რომელთანაც ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული იმედი აქვთ, რომ ქულის თუ ქულების მოპოვება შესაძლებელია. მართალია ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდს განსაკუთრებული ფეხბურთელები და ვარსკვლავები აღარ ჰყავს, წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. საქართველოსთან შანსებს თანაბრად აფასებს ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.
ივან ჰაშეკმა მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთთან მატჩებში ფავორიტის გამოყოფა შეუძლებელია.
„ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითამაშოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მთავარია, გუნდს აქვს ხასიათი, რაც მათ უკვე აჩვენეს მარტის მატჩებში. ველოდებით შეკრებას, ერთობლივ ვარჯიშებს, რომლებშიც ჩვენ კიდევ ბევრი ვარიანტის მოდელირებას მოვახდენთ.
მოსამზადებელ ეტაპზე სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზს დავამუშავებთ. მაგრამ დაზუსტებით ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ. არ გვინდა გავამჟღავნოთ ყველაფერი ჩემპიონატის წინ. მშვიდად ვმუშაობთ და ვიცით, რომ ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა ვიმოქმედოთ. ფეხბურთელებს ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული დიდი პასუხისმგებლობა.
ყურადღებით ვაკვირდებით მომავალი მეტოქეების თამაშს. უკვე განვიხილეთ საკითხი სად და როგორ უნდა დავესწროთ პორტუგალიის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩებს.
საქართველო და თურქეთი არიან მეტოქეები, რომელთა წინააღმდეგ მაქსიმუმის ძალისხმევა დაგჭირდება. ჩვენსა და მათ შორის ფავორიტი არ იქნება. ამ ორი ნაკრების მთავარ ძალას წარმოადგენენ დიდ კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელები. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მივიჩნევ.
საქათველო ჩეხეთს ჯგუფის მეორე შეხვედრაში ეთამაშება, 22 ივნისს ჰამბურგში.
GIPHY App Key not set. Please check settings