“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმ პრესკონფერენციაზე გუნდის მომავალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი:
“ჩემგან ახალი ამბების გაგება გინდათ, თუმცა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. უფრო მეტს 31 მაისის შემდეგ გამცნობთ. უკვე იცით, რომ ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გვეყოლება და ერთად ვიმუშავებთ. იმედგაცრუებული არ ვარ, დანებებას არასოდეს არ ვაპირებდი.
იყო შეცდომები, მაგრამ მოდით, ეს გვერდი გადავფურცლოთ. კინოშიც მქონია შემთხვევები, როდესაც ყველაფერი სასურველად არ წარიმართა. მოპოვებული სკუდეტო ჩემი სიამაყეა. გუნდის გასაძლიერებლად მილიონები დავხარჯე, შემეძლო მეთქვა, რომ საკმარისია, მაგრამ ამის ნაცვლად იანვარში ისევ
შევიძინე ფეხბურთელები. სამწუხაროდ, მივხვდი, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ჩემი ინიციატივით მხოლოდ სირილ ნგონჟი დავიმატეთ, სხვები მე არ ამირჩევია.
არცერთი ფეხბურთელი არაა ხელშეუხებელი, თუმცა უნდა ვნახოთ, ვინ გეგმავს მათ შეძენას. კვარაცხელია? ის მე აღმოვაჩინე, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. როდესაც “კვარა” ავიყვანეთ, მას არავინ არ იცნობდა, შემდეგ კი კერპი გახდა. ხელშეკრულების პირობები შესრულებული უნდა იყოს.
დაშვებული შეცდომების განმეორება არ მომიწევს. ეს კრისტიან ჯუნტოლის “იუვენტუსში” წასვლას შეეხება, რაც ლუჩანო სპალეტიმ დაგვიანებით მაცნობა. მეტად არავის დატოვებას არ ვაპირებ. ვინჩენცო იტალიანო გადმოსასვლელად მზად იყო, მაგრამ “ფიორენტინასთან” გამომშვიდობებაზე საბოლოოდ უარი თქვა. ტიაგო მოტა არ დაგვთანხმდა. იგორ ტუდორმა ორწლინი კონტრაქტი მოითხოვა და უარით გავისტუმრე. შეიძლება რუდი გარსიას გაშვება საჭირო არ იყო.
ახალი სტადიონის მშენებლობას არ ვაპირებ. დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქრო და არა ევროპის 2032 წლის ჩემპიონატზე. არქიტექტორებს ვესაუბრე და “დიეგო მარადონას” რეკონსტრუქცია განვიხილეთ, რასაც ორი წელი დასჭირდება. ამ არენაზე ისეთივე თანხას ვხარჯავ, რამდენსაც პსჟ “პარკ დე პრენსზე”. დავიღალე. ასაკის გამო – არა. სექტემბრიდან ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობას დავიწყებ”.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings