გიორგი მიქაუტაძეს მორიგი შესანიშნავი მატჩი ჰქონდა „მეცში“ რომ არა შეხვედრის ბოლო ნაწილი. ერთი, რომ გიორგის წყალობით „მეცი“ იგებდა, თუმცა გამარჯვების შენარჩუნება კი არა, ქულის აღებაც ვერ მოახერხა, ხოლო გუნდის ლიდერი, ქართველი ფორვარდი უაზროდ გააძევეს.
მეცი – რენი 2:3
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (17), 1:1 გუირი (17), 2:1 დიალო (45), 2:2 ბურიჟო (73, პენ), 2:3 კალიმუენდო (90:3)
გაძევება: მიქაუტაძე (90+5, მეცი)
მიქაუტაძემ შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში. წინ გამოსულ მეკარეს თავზე ბურთი ოსტატურად გადაატარა.
პირველი ტაიმის ბოლოს, მეურვეს აზრიანად დაუსხლტდა და თანაგუნდელს ზედ მეკარის წინ ისე მიაწოდა, რომ მასაც გოლის გატანის მეტი რა დარჩენოდა.
შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 69-ე წუთზე გიორგის პასით დიალო მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „მეცი“ შტურმზე გადავიდა, მაგრამ კონტრშეტევაზე გოლი გაუშვა.
წამატებულ დროში კი მიქაუტაძე კალიმუენდოს შეეჯახა და მსაჯმა ჩვენიანი გააძევა. შეხვედრა გაგრძელდა და მსაჯს VAR-ის ოთახიდან უკარნახეს, რომ იქნებ წითელ ბარათს არ იმსახურებდა, რადგან გიორგი მეტოქეს განზრახ არ შეჯახებია თანაგუნდელის გამოსაქომაგებლად. არბიტრმა გამეორებაზე უყურა ეპიზოდს, სადაც მართლაც ისე ჩანდა, რომ გიორგი კი არ ეჯახება მეტოქეს, არამედ უფრო ის აფორმებს… მსაჯმა მაინც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება და მიქაუტაძეს რომ ეგონა მოედანზე მაბრუნებენო, გასახდელში წასვლა მოუწია.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore – 7.9, whoscored – 7.0, Flashscore – 6.8.
12 გოლი და 4 საგოლე პასი, თანაც 7 გოლი ბოლო 5 მატჩში – ასეთია მიქაუტაძის ბოლოდროინდელი მონაგარი.
მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა (გავარდნის ზონაშია) და 12 მაისს სტუმრად „სტრასბურგს“ შეხვდება.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings