„ვალენსია“ ესპანეთის პირველობის 32-ე ტურში შინ „ბეტისს“ შეხვდა და წააგო – 1:2. არადა, ძალიან პრინციპული თამაში იყო. ეს ორი გუნდი ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან ევროზონისთვის ბრძოლაში. ახლა ევროპაში გამსვლელ მე-7 ადგილზე „ბეტისი“ გადავიდა 48 ქულით, „ვალენსიას“ კი 47 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზეა.
გარდა ამისა, შეწყდა გიორგი მამარდაშვილის მშრალი სერია, რომელიც 5 მატჩს მოიცავდა – 2 გოლგაუშვებელი შეხვედრა ნაკრებში და 3 – კლუბში. სულ 534 წუთი.
უნდა ითქვას, რომ ჩვენ მეკარეს არ გაუმართლა: პირველ გოლზე, აიოზე პერესს ბურთი მცველისგან დასარტყმელად დააჯდა და მანაც ხელსაყრელი პოზიციიდან შორ კუთხეში ზუსტად დაურტყა გიორგის.
მეორე გაშვებული გოლის დროს კი, იმავე პერესის დარტყმა მცველის ფეხმა აისხლიტა, რიკოშეტით მიმართულება შეუცვალა და კუთხეში ჩაჯდა.
მანამდე კი იყო „ვალენსიას“ პენალტი, რომელიც სტუმრებმა გააპროტესტეს და ალბათ ჰქონდათ კიდეც ამის საბაბი. მასპინძლებმა კი გაათანაბრეს, მაგრამ ეს საჩუქარი ბოლომდე მაინც ვერ შეირგეს და მათი თამაშის შემხედვარე ნამდვილად არ დაუმსახურებიათ წარმატება.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore – 6.9, Flashscore – 6.7, Whoscored – 6.5.
სულ გიორგის 4 “სეივი” ჰქონდა.
ვალენსია – ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (19), 1:1 პეპელუ (66, პენ), 1:2 პერესი (77)
მომდევნო თამაში „ვალენსიას“ 29 აპრილს სტუმრად აქვს თვით „ბარსელონასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings