საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფეხბურთის ფედერაცის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა:
„ევროპის ჩემპიონატი გვიახლოვდება და მისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო. ახლა მომდევნო ნაბიჯის გადადგმა გვსურს, რომელიც შრომისა და მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნება.
მწვრთნელის როლში ევრო 2024 ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება. ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, საქმეს პასუხისმგებლობით მივუდგე. ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით, ქება კი ყველა ადამიანს სიამოვნებს. თუმცა მე ამ საქმის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ.
ხალხი ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ელოდა. ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებული ემოციების ამოფრქვევა ბუნებრივი და ძალიან ლამაზი მოვლენა იყო. ამ ბედნიერი ხალხის სახეები და სიხარულის ცრემლები მუდამ მემახსოვრება.
საქართველოს ნაკრები 4 წლის წინ ერთა ლიგის D დივიზიონში ასპარეზობდა, ახლა კი ჩვენ B დივიზიონში ვართ. ამ ტურნირმა ჩვენი მოთამაშეები დიდი მიღწევების შესაძლებლობებში დაარწმუნა.
ამ მიზნების მისაღწევად დიდი შრომა იყო საჭირო, თუმცა, ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად იყვნენ. ისინი, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბებში, ბევრს შრომობდნენ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის ბოლო ციკლი ჩვენთვის დიდი საქმის დასაწყისი იყო.
გადაწყვეტილებებს ზოგჯერ ინსტინქტურად ვიღებთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს პირველად ვესაუბრე, ვიცოდი, რომ ამ ეტაპზე სწორედ აქ ყოფნა მსურდა. საქართველოს ნაკრებში იყო რაღაცის აწყობის და წარმატების მიღწევის პერსპექტივა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ მოსვლა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვლადიმირ ვაისს. რაც მოხდა, მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურაზე და ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიწვია.
ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში და არც ექვს თვეში. ეს ხანგრძლივი პროცესია, ვლადიმირ ვაისი კი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია.
მარტივია, რომ ადამიანს დახარჯვა 100 პროცენტით მოსთხოვო. მე კი ფეხბურთელებს ვუხსნი, როგორ უნდა დადონ მოედანზე ყველაფერი, რა უნდა აკეთონ ყოველდღე იმისთვის, რომ რომ ეს შეძლონ.
ბევრი ჩვენი მოთამაშე მზად იყო, ყველაფერი დაედო, მაგრამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მათთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომელთაც რჩევა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ამან შედეგი მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ნაკლები უნდა ვიშრომოთ. პირიქით, წინ კიდევ უფრო რთული დავალება გველოდება და მეტი მუშაობა მოგვიწევს.
ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მიუღებელი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ ფლეი-ოფის თამაშებში ვაჩვენეთ. ფეხბურთელებმა ეს იციან და ისიც ესმით, რომ ამ ყველაფერს მე მკაცრად ვუდგები.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მიერ სიურპრიზების შეთავაზებას, ამაზე საუბარი ნაადრევია, ახლა ამ თემებზე ლაპარაკი ფეხბურთის ცოდნაზე არ მიუთითებს, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი. შეხვედრისთვის თავდაუზოგავადაც რომ მოემზადო, შესაძლოა, მეტოქემ მაინც გაჯობოს, მსაჯმა შეცდომა დაუშვას, მოთამაშემ ხუთი წუთის შემდეგ წითელი ბარათი მიიღოს და მწვრთნელების შემუშავებული გეგმა შეიცვალოს, შედეგების პროგნოზირება რთულია.
ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სიურპრიზებზე საუბარი. თუ ჩვენ აქამდე 100 პროცენტით ვიხარჯებოდით, ევროპის ჩემპიონატზე 101 პროცენტით იქნება საჭირო.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებას საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად ველოდები და ვფიქრობ, რომ საქართვლოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კარგად ითამაშებს. ვნახოთ, ფეხბურთი ზოგჯერ კარგ ამბებს გიმზადებს.
ვამაყობ და ძალიან მიხარია, რომ გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად მომიწევს ყოფნა. მე მიყვარს გერმანია, ბევრი წარმატებული წელი მაქვს იქ გატარებული. მიყვარს იქაური ხალხი და ევროპის ჩემპიონატს დიდი სიხარულითა და სიამაყით ველოდები”.
GIPHY App Key not set. Please check settings