„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიაში გუნდის მომავალ ლიდერს ხედავს და მის გარშემო ახალ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sky Sport-ი ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ახალი „ნაპოლის“ საყრდენი გახდება. ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი დე ლაურენტისისთვის მთავარი ფიგურა იქნება.
მიმდინარე სეზონი „ნაპოლისთვის“ ცუდი გამოვიდა და მაქსიმუმი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. ამიტომ კვარაცხელიასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულება გაჭიანურების გარეშე მოახერხოს“, – წერს Sky Sport-ი.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, მასიმო კარერამ განაცხადა, რომ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება.
„საქართველოს ნაკრებმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა, ისინი ძალიან კარგები არიან. ვფიქრობ, ხვიჩა ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება. ის დიდი მოთამაშეა“, – განაცხადა კარერამ RB Sport-თან.
მასიმო კარერა „იუვენტუსის“, „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველია. მუშაობდა „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად. მიმდინარე წლის მარტში ის „ასკოლის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ტურნირზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings