დამოუკიდებელი საქართველოს ოცნება ასრულდა: საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე გავიდა. რამდენი წელი, რამდენი მატჩი, რამდენი მოლოდინი, რამდენი იმედგაცრუება და რამდენი ახალი იმედი და როგორც იქნა – ზღაპრის ბოლო კეთილია!
რა არ უნახავს „დინამოს“ სტადიონს, როგორი გულშემატკივრობა არ ახსოვს აქაურობას, მაგრამ გადამწყვეტ თამაშზე ხალხმა თავისი ჯიგრიანი წვლილი შეიტანა – ქომაგები მთელი შეხვედრა არ გაჩერებულან – ყიჟინით, გამხნევებით, მეტოქისთვის ხელის შეშლით, სიმღერებეით… მათ დაიმსახურეს ის, რაც თამაშის დასრულების და შედეგის გამო მიიღეს.
დაიმსახურა ჩვენმა გუნდმაც, ამ ბიჭებმა, ასეთი გულიანი თამაშისთვის. დაიმსახურა ჩვენმა საფეხბურთო ისტორიამ და ქვეყნის და ხალხის ევროპისაკენ მისწრაფებამ.
ფეხბურთმა ერთხელაც აჩვენა თუ რამხელა ძალა აქვს – საქართველო ასეთი ერთიანი იშვიათად არის ხოლმე: ძველი თუ ახალი თაობა, აქეთ მდგომი თუ განსხვავებული მოსაზრების მქონე, წუხელ ყველას ერთნაირად უცემდა გული და უკანკალებდა ნერვები…
საქართველო ევროპაზეა – აანთო ტაბლომ და გაცვივდა ზღვა ნაკადი მინდორზე: დაჭრეს კარის ბადე, სუვენირად წაიღეს ბალახი, ზეიმობდა ერი თუ ბერი ქუჩაში და გულწრფელი სიხარული, რომელიც ერთად მდგომმა საქართველომ ბრძოლაში მოიპოვა!
შვილიშვილებს მოვუყვებით: ჩვენ მოვესწარით ისტორიას!
ევრო 2024. ფლეი-ოფი. ფინალი
საქართველო – საბერძნეთი 0:0, პენ 4:2
26.03. თბილისი. დინამო არენა. 54 000 მაყურებელი
პენალტების სერია: 1:0 ქოჩორაშვილი, 1:0 ბაკასეტასი (მეკარე), 2:0 დავითაშვილი, 2:1 მასურასი, 2:1 მიქაუტაძე (ააცილა), 2:2 ბუხალაკისი, 3:2 დვალი, 3:2 იაკუმაკისი (ააცილა), 4:2 კვეკვესკირი
საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (104. კვეკვესკირი), შენგელია (86. წიტაიშვილი), ჩაკვეტაძე (104. დავითაშვილი) – კვარაცხელია (109. ქვილითაია) – ზივზივაძე (75. მიქაუტაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ალთუნაშვილი, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, კანკავა, ლოჩოშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი – ბალდოკი (60. როტა), მავროპანოსი, ხაძიდიაკოსი (106. რეცოსი), ციმიკასი – ბაკასეტასი, კურბელისი (67. სიოპისი), მანტალოსი (99. ბუხალაკისი) – მასურასი, იოანიდისი (91. იაკუმაკისი), პელკასი (61. კონსტანტელიასი)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გაფრთხილება: ბალდოკი (6), ხაძიდიაკოსი (35), ზივზივაძე (42), მავროპანოსი (45), კვირკველია (50), კონსტანტელიასი (90), როტა (90+3)
გაძევება: ლორია (45+3. სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: შ. მარცინიაკი (პოლონეთი)
GIPHY App Key not set. Please check settings