საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საგურამოში ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თამაშამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ჩვენი ნაკრების მარჯვენა ფლანგელი ოთარ კაკაბაძეც დაესწრო.
ოთარ კაკაბაძე:
„მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ მატჩს. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რა დიდი მნიშვნელობის შეხვედრა გველის.
ისიც კარგად გვესმის, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ვემზადებით და მოტივირებულები ვართ.
ჩვენს ნაკრებს დაუმტკიცებია, რომ მნიშვნელოვანი მატჩის მოგება შეუძლია. ახლა ისღა დაგვრჩენია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ. დადებითად მოქმედებს ისიც, რომ სტადიონზე მოსვლა ამდენ ხალხს სურს. მილიონი ბილეთი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც გაიყიდებოდა.
ეს ემოცია, რაც მთელ ქვეყანაში იგრძნობა, ჩვენზე დადებითად მოქმედებს.
მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და ეს შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ეროვნულ გუნდში მახსენდება. კვარაცხელია გვემატება და არ არის საჭირო ახსნა, რა ძალაა ხვიჩა ნაკრებისთვის.
ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!”
GIPHY App Key not set. Please check settings