21 მარტს, გულშემატკივრებს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება .
თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენაზე“ ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს.
მინდა ჩვენ ფეხბურთელებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings