ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ნაპოლის“ საბა საზონოვის „ტორინო“ დაემარცხებინა – 1:1.
სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. თუმცა ხვიჩას ვინ შეცვლიდა, ის ლამის ერთადერთი იყო, რომელიც ხიფათს ქმნიდა მეტოქის კართან.
„ტორინოს“ რიგებში საბა საზონოვი 76-ე წუთზე გამოჩნდა და კვარაცხელიას დაჰყვებოდა.
პირველ ტაიმში ნეაპოლელეთა საგოლე მომენტები ხვიჩაზეა. მე-14 წუთზე საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო ბურთი, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. 43-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან თავით ნახტომში დაარტყა კუთხეში, ძელთან, მაგრამ მეკარე ისევ მისწვდა ბურთს.
ხვიჩას 61-ე წუთზე გაუმართლა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მარცხენა კუთხეში მიიღო, წინ, შუისკენ დაიძრა, მარიო რუის უპასა, თავად საჯარიმოში შევარდა და ჩაწოლით, დასწრებაზე ეფექტიანად გადაგზავნა ბურთი კარში.
სულ რამდენიმე წუთში, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და მეკარის საჯარიმოში მყოფმა სანაბრიამ ეფექტური მაკრატელათი ლამაზი გოლით გაქვითა ანგარიში.
ცხადია „ნაპოლი “ მოსაგებად გაიწია. თუმცა წამატებულ დრომდე ვერაფერი შექმნა, აქ კი ისევ ხვიჩამ გამოიდო თავი.
ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ისევ მეკარემ მოიგერია, მეორედ კი ბურთი ზემოდან ოდნავ აცდა კარს.
ხვიჩამ სამივე ანალიტიკური პორტალისგან (Flashscore.com, Whoscored.com, Sofascore.com) ერთნაირი შეფასება დაიმსახურა – 8.0.
რაც შეეხება საზონოვს, Flashscore.com-ისა და Whoscored.com-ის შეფასებები დაემთხვა – 6.1. Sofascore.com კი უკეთესი დაუწერა – 6.8.
კვარაცხელიას ჩემპიონატში უკვე 10 გოლი დაუგროვდა, პლუს 4 საგოლე პასიც აქვს.
ხვიჩამ ზედიზედ სამ შეხვედრაში გატანა იტალიის პირველობაზე მეორედ მოახერხა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩას გოლი 3600-ე იყო „ნაპოლისთვის“ იტალიის ჩემპიონატში (1929/30 წლების სეზონიდან).
ნაპოლი – ტორინო 1:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 1:1 სანაბრია (64)
28 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრა, 12 მარტს უკვე ჩემპიონთა ლიგაზეა, სტუმრად „ბარსელონასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings