„ნაპოლი“ ჩემპიონატის 25-ე ტურში „კალიარის“ ესტუმრა და რთული შეხვედრა 1:1 დაასრულა. ეს იყო ფრანჩესკო კალცონას პირველი მატჩი სერია ა-ში და ის დიდად წარმატებული ვერ გამოვიდა. თამაშის მიხედვით ფრედ ლოგიკურია, ვერავინ იტყოდა მასპინძლებს ქულა არ ეკუთვნოდათო.
„ნაპოლის“ პირველ ტაიმში თითქმის არაფერი გამოსდიოდა, რასპადორის ერთ დარტყმას თუ არ ჩავთვლით. უფრო სახიფათო „კალიარი“ იყო. მეორე ნახევარში სტუმრებმა შედარებით გამოასწორეს თამაში და ერთ ეპიზოდში დაუფასდათ კიდეც: რასპადორიმ ფლანგზე მცველს ბურთი აართვა და ოსიმენს ზუსტად ჩაუწოდა, რომელიც მეკარის საჯარიმოში, კარიდან ერთ მეტრში დახვდა ბურთს და მშვიდად გადაგზავნა ის თავით.
„ნაპოლის“ თითქოს მოგებამდე არაფერი აკლდა, მაგრამ 90+6 წუთზე გაუშვა გოლი და კალცონას წარმატებული დებიუტი ჩემპიონატში აღარ შედგა.
რაც შეეხება ხვიჩას, ვარაუდი, რომ მას მწვრთნელი დასჯიდა და თამაშს სკამზე დააწყებინებდა, არ გამართლდა. ქართველი ძირითადში იყო და თავის მარცხენა მხარეს დადგა. თუმცა იქ იმდენად მჭიდროდ მეურვეობდნენ, რომ ხვიჩასგან სერიოზული ხიფათი ფაქტობრივად არ მოდიოდა. კვარა ცხადია ცდილობდა გამწვავებას, მაგრამ წელს რომ ყველაფერი შარშანდელივით არ გამოსდის, ეს ყველამ იცის.
მოკლედ, მეორე ნახევარში, 73-ე წუთზე კალცონამ ისევ შეცვალა კვარაცხელია. გასვლისას სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ არ ესიამოვნა შეცვლა, ოსიმენმა ხელიც კი ჰკრა, რომ მოედნიდან გასულიყო, თუმცა კვარამ ამჯერად ხელი ჩამოართვა მის შემცვლელს (პოლიტანო), ჟესტებისგან უკვე თავი შეიკავა, ქურთუკი მოიცვა და თამაშის საყურებლად სკამზე დაჯდა.
კვარას შეფასებები ყველგან ერთნაირია: Flashscore – 6.7, Sofascore – 6.7, Whoscored – 6.7.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით მესამე) და კვლავ 1:1, დააგროვა 37 ქულა, მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 თებერვალს ისევ სტუმრად ითამაშებს დარჩენისთვის მებრძოლ „სასულოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings