საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა მოგებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა სუსტი გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. გამარჯვებას ყველა ველოდით და ამაში გასაკვირი არაფერია. საინტერესო იყო თამაშის ხარისხი, შემადგენლობა, მწვრთნელის მიდგომა, ფეხბურთელების კონდიციები და ა.შ.
თამაში საქართველოს უდიდესი, კოლოსალური უპირატესობით წარიმართა. თითქმის მთელი მატჩი ვუტევდით, მომენტებს ვქმნიდით, თითოეული შემტევი ცდილობდა გატანას, თუმცა მიუხედავად 4 გოლისა, რეალიზებას მაღალს მაინც ვერ ვუწოდებთ.
უფრო საგულისხმოა ის, რომ ამ უპირატესობამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს. მომდევნო თამაშებში ასეთი დომინირება წარმოუდგენელია და იქ უკვე ყოველ შანსს გამოყენება დასჭირდება.
ჩვენმა მწვრთნელმა ძირითადში რამდენიმე შედარებით უთამაშებელი ფეხბურთელი დააყენა, თუმცა არც ესაა გასაკვირი. ზედიზედ 4 მატჩია ჩასატარებელი, როტაცია გარდაუვალია, ამიტომ ისევ გიბრალტართან ჯობდა მათთვის შანსის მიცემა, ვიდრე უფრო რთულ მეტოქეებთან.
რთულია ასეთ მატჩზე რაიმეს თქმა. მეტოქე ხშირად ცდებოდა, ბურთს მარტივად ვართმევდით, ერთი ერთზე სისწრაფეც და მოტყუებაც ჩვენების მხარეს იყო. შესაბამისად, როდესაც ამხელა სხვაობაა, არ არის დიდად მართებული მეცხრე ცაზე ავიდეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მონდომება და კარგი თამაში დავუკარგოთ, მით უმეტეს დიდი ანგარიშით მოგება.
უბრალოდ, დღეს მოსაგები მოვიგეთ, მისაღები მივიღეთ და წინ ისეთი მატჩები და ისეთი მიზანი გველოდება, ჯერ ზეიმი ძალიან ადრეა.
ქომაგებთან ერთად მიზანს მივაღწევთ: კარგია, რომ დამაჯერებლად მოვიგეთ
საქართველო – გიბრალტარი 4:0
2 ივნისი. თბილისი. „დინამო-არენა“. 50 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12. წიტაიშვილის პასით), 2:0 კაშია (33. კვარაცხელიას პასით), 3:0 მიქაუტაძე (87. ლობჟანიძის პასით), 4:0 ყაზაიშვილი ((87. ლობჟანიძის პასით)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე, 63), ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, აბურჯანია (კიტეიშვილი, 63), წიტაიშვილი (გიორბელიძე, 40), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი, 78), მიქაუტაძე, კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 63)
გიბრალტარი: კოლინგი, ვაისმენი, ანესლი (მუელი, 66), ბრიტო, ჩიპოლინა, რონანი (ტორილია, 46), ლოპესი, ჯოლი (ვალარინო, 66), უოლკერი (ერნანდესი, 73), სტაიხი (კუმბსი, 46), კაშიარო
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, გიორბელიძე – ჯოლი, ბრიტო, კაშიარო
მსაჯი: მორტენ კროგი
VAR: პიტერ ბენკსი
პირველი ტაიმი
უკვე მე-4 და მე-5 წუთებზე კვარაცხელიას ჰქონდა ორი მომენტი.
ჯერ მცველს აართვა და მეკარისგან დაუცველ კარში დაარტყა, მაგრამ მცველმა გამოიტანა.
შეტევა გაგრძელდა, ბურთი ისევ ხვიჩას მიუვიდა, მანაც ჩვეულად მარცხნიდან შეიწია ცენტრისკენ, მაგრამ ააცილა.
1:0 – მე-12 წუთზე ხვიჩამ უკვე გაიტანა. წიტაიშვილის პასით ორ მცველს შორის მყოფმა ახლო მანძილიდან მოხდენილად გადაუგდო თავზე მეკარეს.
ჩვენები მერეც სახიფათოდ უტევდნენ, ამწვავებდნენ, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე ვეღარ მიდიოდა.
მერე დადგა მიქაუტაძის ჯერი. ჩვენმა თავდამსხმელმა სამჯერ სცადა კარის აღება.
24-ე წუთზე კოლინგმა მაგარი ბურთი აუღო. 27-ზე ორ მეტოქეს შორის გაძვრა, დაბალ შორეულ კუთხეში დარტყმული კი ისევ მეკარემ აუღო.
ორ წუთში მიქაუტაძე საჯარიმოს ხაზიდან ურტყმდა, მაგრამ კოლინგს მიუვიდა.
31-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული კაშიამ თავით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ აცდა კარს. სამაგიეროდ ჩვენს კაპიტანს ორ წუთში გაუმართლა.
2:0 – 33-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კვარაცხელიამ ჯარიმა ჩააწოდა, კაშიამ ბურთზე ყველას აჯობა და მეკარის საჯარიმოში შესულმა მარტივად შეაგდო.
მეორე ტაიმი
მეორე ნახევარი კვლავ ჩვენების დიდი უპირატესობიტ წარიმართა, ჩვენი გუნდი თავიდანვე შეუდგა შეტევებს, თუმცა შეცვლების მერე და ასე 65-70-ე წუთიდან ჩვენებმა თითქოს ოდნავ მოუკლეს.ოღნდ მატჩის მიწურულს (გულშემატკივრებმა გოლი რომ მოითხოვეს) გამოცოცხლდნენ და დაუფასდათ კიდეც.
50-ე წუთზე კვარაცხელიას ისევ მეკარემ აუღო.
54-ე წუთზე ლობჟანიძის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას მოხვდა.
55-ე წუთზე ჩაკვეტაძემ სოლო რეიდი მოაწყო, მაგრამ კარს ზემოდან გადააცილა.
58-ე წუთზე ლობჟანიძეს ისევ კოლინგმა აუღო.
მერე 75-ე წუთამდე მონეტებს ვეღარ ვქვიდით, ამ დროსუკვე შეცდა მეტოქის მეკარე, ბურთი გაუვარდა, მაგრამ ძელს მოხვდა.
მერე გიორბელიძეს ჰქონდა შანსი, ყაზაიშვილმაც ვერ დაარტყა ხეირიანად.
3:0 – 87-ე წუთზე როგორც იქნა გავიტანეთ. მშვენიერი კომბინაცია გოლიტ დასრულდა. კიტეიშვილმა ლობჟანიძეს საჯარიმოში შეუყოლა ბურთი, მანაც არ დაარტყა, მიქაუტაძეს დაუგორა უფრო ცენტრისკენ და ჩვენმა თავდამხმელმაც უპრობლემოდ გაიტანა.
4:0 – 88-ე წუთზე მეტოქეს პრესინგზე ავართვით ბურთი, საჯარიმოში მიქაუტაძე და ლობჟანიძე აღმოჩნდნენ გვერდიგვერდ, ვერ გაარკვიეს რომელს გაეგრძელებინა, საბოლოოდ ლობჟანიძემ ყაზაიშვილს დაუგორა და ვაკომაც მარტივად შეაგდო.
ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში ბულგარეთმა ჩრდ მაკედონიას უმასპინძლა და ეს შეხვედრა ჩვენთვის ხელსაყრელი ანგარიშით 1:1 დასრულდა (დესპოდოვი, 13 – რისტოვსკი, 50). ახლა ჩვენი ნაკრები სწორედ ბულგარეთში მიდის და კვირას , 5 ივნისს, მეორე ტურის შეხვედრაში ჩვენთვის არც თუ კომფორტულ ბულგარეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings