გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი დაამყარა და კლუბის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ თავად „ვალენსიას“ ოფიციალური საიტი წერს.
ქართველმა მეკარემ ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა, რომელსაც 59 შეხვედრა ჰქონდა მიჯრით ჩატარებული.
აი რას წერს „ვალენსიას“ გვერდი:
„ქართველმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში მეკარეებს შორის ლა ლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი, 61 მატჩი ჩაატარა და ჩვენი ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა.
59 მატჩის ჩატარება გუნდის მეკარეების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ოჩოტორენამ 1990/91 წლებში შეძლო. შემდეგ მოდიან ხოსე მანუელ სემპერე (54) და სანტიაგო კანისარესი (53).
2021 წლის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი გუნდის შეუცვლელი წევრია. მიღწეული შედეგით მან კლუბის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.
„ვალენსია“ ერთ-ერთია, რომელიც მიმდინარე სეზონაში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს (27). ეს დაცვის და მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა. „ვალენსიის“ მეკარემ 23-დან 7 მატჩი მშრალად ჩაატარა.
„ვალენსიას“ ზედიზედ შვიდი შეხვედრაა „მესტალიაზე“ არ წაუგია. ახლა „ღამურები“ 35 ქულით ჩემპიონატში მე-7 ადგილზე არიან“.
გავაგრძელოთ მამარდას თემა, რომელიც მის შესაძლო ტრანსფერს ეხება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ზაფხულში „ვალენსიამ“ მამარდაშვილი გაყიდოს, ნახევარმცველ ხავი გერასთან ერთად.
ეს გადაწყვეტილება უშუალოდ კლუბის სინგაპურელ ხელმძღვანელს, პიტერ ლიმს ეკუთვნის, რომელსაც ლიდერების გასხვისებით ფული აღება სურს.
მამარდაშვილი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. მან პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის გუნდების ყურადღება მიიპყრო, რაც მისი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
მამარდაშვილისა და გერას გაყიდვით „ვალენსია“ 50 მილიონ ევროზე მეტის მიღებას ვარაუდობს.
GIPHY App Key not set. Please check settings