საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩამდე „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ბოლო ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ქართული მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვილი სანიოლმა უპასუხა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
ვილი სანიოლი:
თანამედროვე ფეხბურთში „პატარა” გუნდები აღარ არსებობენ. თითოეული შეიძლება იყოს ძლიერი მეტოქე ევროპის ნებისმიერი გუნდისთვის და ეს კარგია, რადგან აღარ არის მოტივაციის ნაკლებობის და მეტოქის დაუფასებლობის პრობლემა. 10 დღეში 4 მატჩი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ბევრია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბევრი მოთამაშის გამოძახება. ვფიქრობ, ყველას ექნება შესაძლებლობა აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.
გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი სიაში იყვნენ, თუმცა, სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ. ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ისევე როგორც ნაკრებში მყოფი თითოეული მოთამაშე, ყველას შეუძლია გუნდისთვის რაღაცის დამატება. უკანასკნელი 5-6 თვის განმავლობაში ვნახეთ, რომ თითოეული მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანია. 100 პროცენტით ვენდობი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან. ტრავმირებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, რადგან სექტემბერშიც მნიშვნელოვანი თამაშების გველის. თუმცა, ჩემთვის კარგია, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშის ინტეგრირება მოხდა გუნდში და ერთ პოზიციაზე რამდენიმე არჩევანი მაქვს. გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა და ეს პოზიტიურად აისახება. ამიტომ, გიბრალტართან პირველ შეხვედრას საუკეთესო განწყობით ვხვდებით.
ექვსი დღის განმავლობაში ვემზადებოდით და ვნახეთ, რომ პირველ დღეებში ფიტნესის კუთხით მოთამაშეებში დიდი განსხვავება იყო, რადგან ზოგს სეზონი ადრე დაუსრულდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. რამდენიმე თამაში გვაქვს და შესაძლოა, გიბრალტართან სასტარტოში მყოფმა მოთამაშეებმა მომდევნო შეხვედრაში ტრიბუნაზე გადაინაცვლონ. ეს თითოეული მოთამაშის მნიშვნელობაზე მეტყველებს. 11 ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ასი პროცენტით იქნება მზად.
ამ ტიპის ინტენსიურ გრაფიკში, რთულია იმის თქმა, თუ ვინ რამდენს ითამაშებს. როდესაც ფეხბურთელებს ვიძახებთ, ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშიათ და აქ ორი განსხვავებული მიზეზი იყო. ერთი მხრივ ტრავმა, ხოლო მეორე მხრივ კლუბში მწვრთნელის შეხედულება. ვითვალისწინებთ ამას და ვიცით, თუ რამდენი წუთით შეგვიძლია დავტვირთოთ მოთამაშე. მიუხედავად ამისა, ორივე აქ არის და ეს ნიშნავს, რომ ვენდობი და მათი მიზანი გუნდის დახმარებაა. შესაძლოა, ერთისთვის ეს როლი 90 წუთით განისაზღვროს, ხოლო სხვა ფეხბურთელისთვის 10 წუთით, თუმცა მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ თავი.
გიორგი მიქაუტაძეს მარტში საუკეთესო პერიოდი არ ჰქონდა, თუმცა ახლა ის სრულიად განსხვავებული მოთამაშეა. ბელგიაში დიდი ხნის წინ დაუსრულდა სეზონი და არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მეოთხე თამაშისთვის ველი. მიქაუტაძეს სჭირდება წუთები და შესაბამისად, მას ექნება შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.
გიბრალტარის სტილის საწინააღმდეგოდ დაგვჭირდება მოქნილობა და ჩვენი ფეხბურთის თამაში. არ უნდა ვიფიქროთ დროზე და ჩემმა მოთამაშეებმა ეს კარგად იციან. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტიპის ოპონენტებთან. მთავარია, როგორი ამბიციით და ინტენსიურობით დავიწყებთ შეხვედრას.
GIPHY App Key not set. Please check settings