„ნაპოლი“ საუდის არაბეთშია და იტალიის სუპერთასის ოთხთა ფინალს თამაშობს. ნახევარფინალში ქვეყნის ჩემპიონი ქალაქ ერ-რიადში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო.
„ნაპოლიმ“ 21 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა 3 გოლი ერთ შეხვედრაში.
საერთო ჯამში, თამაში დიდად საამო საყურებელი არ ყოფილა, უსახური მატჩი გამოვიდა საკმაოდ დაბალ ტემპში. ვალტერ მაძარიმ კი პირველად ათამაშა გუნდი 3-მცველიანი (3-4-2-1) ტაქტიკით.
ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა. კვარაცხელიამ შეტევა ჟუან ჟესუსს გაუგრძელა, რომელმაც შორეული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მან კი მახვილი კუთხიდან გაიტანა. სიმეონე მეორე არგენტინელია გონსალო იგუაინის (2014) შემდეგ, ვინც იტალიის სუპერთასზე გოლი გაიტანა.
44-ე წუთზე „ფიორენტინამ“ პენალტი მოიპოვა, მაგრამ იკონემ ბურთი კარს ააცილა.
მეორე ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.
„ფიორენტინა“ ვერ ახერხებდა ნეაპოლელთა დაცვის გარღვევას და მომენტებს ვერ ქმინდა.
72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. თავი შეცვლაზე შესულმა ალესიო ძერბინიმ გამოიჩინა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა და კომფორტული ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, ძერბინი პირველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის სუპერთასის მატჩში შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა.
ხვიჩას შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.5; Sofascore.com – 6.4.
მეორე ნახევარფინალი იმავე სტადიონზე დღეს გაიმართება. ერთმანეთს „ლაციო“ და „ინტერი“ შეხვდებიან.
ფინალი 21 იანვარსაა.
„ნაპოლი“ მეხუთედ ითამაშებს იტალიის სუპერთასის ფინალში და საინტერესოა, რომ პირველად ხდება, რომ მისი მეტოქე არ იქნება „იუვენტუსი“.
GIPHY App Key not set. Please check settings