საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 26:42 დამარცხდა.
შეგახსენებთ, პირვე, სადებიუტო მატჩში საქართველო ღირსეულად ეთამაშა ძ₾იერ ნიდერლანდებს და 29:34 წააგო.
საქართველო – შვედეთი 26:42 (9:23)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, არსენაშვილი (6), ცხოვრებაძე (5), დიხამინჯია (5), ორჯონიკიძე (3), კბილაშვილი (2), გავაშელიშვილი (2), რუსტამოვი (1), გოგოლაძე (1), გოგავა (1), ლაპიაშვილი, არეშიძე, დარსანია, აბრამიშვილი, სიმონია.
შვედები კონტინენტის მოქმედი გამარჯვებულები არიან და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, მათ სხვა წარმატებებს რომ თავი დავანებოთ. დებიუტანტი საქართველოსთვის კი ასეთ გუნდთან გამკლავება ბუნებრივია მარტივი ვერ იქნებოდა და ასეც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩვენ გავხსენით, მეტოქემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ასე გაგრძელდა შეხვედრის ბოლომდე. მეტიც, შვედებმა 42 გოლით ევრორეკორდი გაიმეორეს (2022 წელს ნორვეგიამ პოლონეთს მოუგო 42:31).
ამ გამარჯვებით შვედებმა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ისევე როგორც ნიდერლანდელებმა, რომლებმაც ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხეს (36:20).
ტიტე კალანდაძე (საქართველოს მთავარი მწვრთნელი):
„შვედებმა ითამაშეს, როგორც პროფესიონალებმა, ჩვენ კი გარკვეულწილად ბავშვებივით ვიქცეოდით. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ახალგაზრდა გუნდია. შვედეთს ვულოცავთ მთავარ ტურში გასვლას. ვიმედოვნებთ, რომ მათ ფინალში ვიხილავთ“.
ზურაბ ცინცაძე:
„ამდენი ხალხის წინაშე არასდროს მითამაშია. წარმოუდგენელი გრძნობა იყო. გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და, მარცხის მიუხედავად, განვლილი ორი მატჩიდან დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ჩვენ უნდა განვვითარდეთ და ვისწავლოთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის მოვემზადებით. კარგი იქნება, ჩვენთვის პირველ ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით თუ დავასრულებთ. საამისოდ არაფერს დავიშურებთ“.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 15 იანვარს ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings