ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ოთხეულში მოსახვედრდ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „რომას“ ესტუმრა და 0:2 წააგო.
ეს იყო დაძაბული, უხეში შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთთან ნაკლებად ჰქონდა შეხება.
საერთო ჯამში, დაფიქსირდა 13 ყვითელი ბარათი, მათ შორის, ორივე მწვრთნელის და პლუს 2 გაძევება.
ხვიჩამ კვარაცხელია ბუნებრივია ძირითად შემადგენლობაში იყო. მის წინააღმდეგ რომაელები უხეშობას არ თაკილობდნენ და უკვე პირველ ტაიმში არბიტრმა მასპინძლებს ორი ყვითელი ბარათი აჩვენა.
32-ე წუთზე ქართველს ჯერ რასმუს კრისტენსენი ეუხეშა, ხოლო რამდენიმე წუთში ბრაიან კრისტანტე, მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა.
ეს ორი გაფრთხილება „რომას“ ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გადაჭარბებულად ჩათვალეს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ხვიჩა სიმულაციაში დაადანაშაულა და მოედნის კიდესთან მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
ბოლოს პორტუგალიელი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ვითარების განმუხტვის მიზნით ხვიჩას გადაეხვია, შემდეგ კი მსგავსი ჟესტი ვიქტორ ოსიმენის მიმართაც გააკეთა, რომელიც ხვიჩას მხარდასაჭერად მივიდა.
შესაძლოა ამის გამო იყო, რომ ჩვენიანი შედარებით ფრთილად თამაშობდა და დიდად მისთვის დამახასიათებელ ინიციატივას აღარ იჩენდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ერთ ეპიზოდში თამაში გაამწვავა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ „რომას“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
დაძაბულობა მეორე ტაიმშიც არ შემცირებულა. 66-ე წუთზე მატეო პოლიტანო უხეშობამ მწყობრიდან გამოიყვანა, მეტოქეს წიხლი მიარტყა და მოედნიდან გააძევეს.
„რომამ“ რიცხვობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა. 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში.
86-ე წუთზე მსაჯმა ვიქტორ ოსიმენიც გააძევა და „ნაპოლის“ მდგომარეობა გამოუვალი გახდა, ამ დროს, 87-ე წუთზე მაძარიმ კვარაცხელიაც გაიყვანა.
წამატებულ დროში რომელუ ლუკაკუმ მეორე გოლიც გაიტანა.
ხვიჩას შეფასებებია: Flashscore.com – 6.7; Whoscored.com – 6.4; Sofascore.com – 7.0.
„ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მე-7 ადგილზე დაქვეითდა, „რომა“ (28) კი ამ მოგებით მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
GIPHY App Key not set. Please check settings