გიორგი მამარდაშვილმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ქართველი მეკარის დიდი დამსახურებაა, რომ „ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.
პირველ ტაიმში მამარდაშვილმა სამი ბურთი მოიგერია და სამივეჯერ ლევანდოვსკის არ გაატანინა: ჯერ შორეული დარტყმა მოიგერია, მერე საჯარიმოში პოლონელის მაკრატელა აიღო და ბოლოს პირისპირ დარჩენილს აჯობა.
„ბარსელონამ“ მიზანს მეორე ტაიმში მიაღწია. 55-ე წუთზე დაცვა ჩავარდა და ჟოაო ფელიქსმა დაუცველ კარში, სულ რაღაც ერთი მეტრიდან შეაგორა.
გიორგიმ 67-ე წუთზე რაფინიას უძლიერესი დარტყმა მოიგერია და გუნდი გოლს გადაარჩინა. მერე კი „ვალენსიამ“ წონასწორობა აღადგინა. 70-ე წუთზე უგო გილამონმა საჯარიმოს სიახლოვედან ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ კატალონიელება მთელი ძალით შეუტიეს და მამარდას გმირობების დრო დადგა 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან ფერან ტორესის დარტყმა მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი სტუმრებს მაგარი მომენტი ჰქონდათ, რაფინია მამარდაშვილთან ერთი ერთზე დარჩა, მაგრამ ისევ მეკარემ იყოჩაღა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
ქართველი გოლკიპერი საუკეთესოდ მიიჩნია Flashscore.com-მა – 7.8. ოდნავ დაბალი შეფასება აქვს Sofascore.com-სგან – 7.6. Whoscored.com-მა მამარდაშვილი თავის გუნდში საუკეთესოდ აღიარა – 7.4.
„ვალენსია“ 17 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-10 ადგილზეა და 19 დეკემბერს მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings