in

ვეცდები კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა: კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთი კაცის დაჯილდოება

ხვიჩა კვარაცხელია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა და საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა სეზონის მსვლელობის გამო დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოახერხა და დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

„ძალიან დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. ეს პრიზი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. ვეცდები, კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა, კიდევ ბევრი ვიშრომო და ბევრს მივაღწიო. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მამხნევებენ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

გამოკითხვაში მონაწილეობა 86-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო, მათგან 85-მა საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რაც „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში რეკორდული შედეგია. მეორე ადგილზე „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

წლის ფეხბურთელი კვარაცხელიაა: სარბიელის გამოკითხვა

კომენტარი გააკეთა თბილისის “დინამოს” ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლის შანსებიც შეაფასა.

“მიხარია, რომ საფეხბურთო სამყარომ ხვიჩა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა – ამაზე ორი აზრი არ არსებობდა და მისი წარმატებით ყველა გახარებულები ვართ. არა მხოლოდ მე, მთელი საქართველო და ჩვენი საფეხბურთო სამყარო ვამაყობთ იმით, ასეთი ფეხბურთელი რომ გამოჩნდა.

ხვიჩა საუკეთესოდ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგადაა აღიარებული. თან მან “ნაპოლისთან” ერთად ჩემპიონობა მოიპოვა და ყველანი აღფრთოვანებულები ვართ.

მიხარია, რომ ხვიჩა ასეთი წარმატებულია და რომ საქმისადმი ნამდვილი პროფესიონალური დამოკიდებულება აქვს. პირველივე სეზონში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებში რომ მოხვდები, ამით ყველაფერია ნათქვამი. უპირველესად, ხვიჩას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

მას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ და დარწმუნებული ვარ. კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს და ბევრ წარმატებას მიაღწევს, როგორც “ნაპოლიში”, ასევე მის მშობლიურ საქართველოს ნაკრებში. ჯერ უპირველესად, რა თქმა უნდა, ვუსურვებ, რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.

რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს? მე იმედი მაქვს, რომ ხვიჩასთან ერთად ჩვენი გუნდი ამას მოახერხებს. ჯერ ლუქსემბურგთან შეხვედრა გვაქვს, უნდა გავავსოთ სტადიონი და საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივროთ. დარწმუნებული ვარ, ფინალში გავალთ, სადაც ხვიჩა დაგვემატება და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ”.

„სარბიელის“ ღონისძიებას საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა, რომელიც ამ ნომინაციის ორგზის გამარჯვებულია.

„ხვიჩას საუკეთესო ფეხბურთელობა დამსახურებული აღიარებაა. მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ალბათ კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს ამ ღონისძიებაზე სიარული და ერთი და იმავე ფეხბურთელის დაჯილდოება.
რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ საქართველოში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩდნენ, რომლებიც ასეთ დონეზე ითამაშებენ, საქართველოს ასახელებენ და ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან, მაგრამ ახლა საუკეთესო ხვიჩაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის ფეხბურთელი კვარაცხელიაა: სარბიელის გამოკითხვა

ვინისიუსი საუკეთესო ბრაზილიელია, ოღონდ არა ბრაზილიაში