საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ვარჯიში გამართა. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში ჩვენს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. ახლა, როცა თოვლი არაა, როგლას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა სათამაშო სპორტის სახეობის წარმომადგენლებისთვის მოსამზადებლად იდეალური ადგილია. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სასტუმრო “ნატურა როგლა” სრულად აქვს დაკავებული და სავარჯიშოდ ფეხით 5 წუთის სავალ დარბაზში დადის. სასტუმროსთან ერთად ნაკრების წევრებს საშუალება აქვთ სატრენაჟოროთი სავარჯიშო დარბაზშიც ისარგებლონ, თუმცა ფიზმომზადებამდე ილიას ზუროსი კალათბურთელებს ბურთით ფორსირებულად ავარჯიშებს. როგლაში პირველივე ვარჯიში კომბინაციების გათამაშებით იყო დატვირთული, რის პარალელურად გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი შიოშვილმა მოთამაშეებს სარელაქსაციო, მოთელვითი ვარჯიშები ჩაუტარა.
პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. ყველა კალათბურთელი მწყობრშია და მეტი და მეტი დატვირთვისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.
GIPHY App Key not set. Please check settings