საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის სტუმრად ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, შემდეგ კი საქართველომ უკეთ შეუტია და მე-20 წუთზე გიორგი კვერნაძემ პირველი სახიფათო მომენტი შექმნა. ჩვენ ფეხბურთელებს ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდათ. და ასე გაგრძელდა ლამის მთელი მატჩი.
ინციდენტების გამო უკვე პირველ ტაიმში თამაში თამაში სამჯერ შეჩერდა. მე-40 წუთზე მასპინძლებმა ზედიზედ იუხეშეს, მაგრამ აზერბაიჯანელმა არბიტრმა სამიდან ორი ყვითელი ჩვენებს აჩვენა. ისე კი მარტო პირველ ტაიმში 7 ყვითელი ბარათი აჩვენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მცველმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს და კვერნაძეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა აშკარა გოლისგან მაკედონიელები ისევ მეკარემ გადაარჩინა.
54-ე წუთზე ჩვენი გუნდი მაინც დაწინაურდა: ფლანგიდან მაისურაძის პასის შემდეგ საბა მამაცაშვილმა შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.
ამის შემდეგ მასპინძელთა დაცვა საერთოდ მოიშალა.61-ე წუთზე ჩვენს გუნდს კიდევ ორჯერ შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კვერნაძემ და ლუკა გაგნიძემ შანსებით ვერ ისარგებლეს.
69-ე წუთზე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დარჩა კვერნაძე. ის მცველმა ხელითაც და ფეხის კვრითაც შეაჩერა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
მსაჯმა შეხვედრას 8 წუთი დაამატა და 12 ათამაშა, ბოლოსკენ კი ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს უკვე მარტში სტუმრად აუტსაიდერ გიბრალტართან გამართავს.
ჩრ. მაკედონია – საქართველო 0:1
16.11. სკოპიე. პეტარ მილოშევსკი
გოლი: 0:1 მამაცაშვილი (54. მაისურაძის პასით)
საქართველო: ხარატიშვილი – მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი – აბუაშვილი (90+1. იეგოიანი), ლ. გაგნიძე, ლომინაძე (72. ოსიყმაშვილი) – ოდიშარია (90+1. ოგბაიძე), ო. მამაგეიშვილი (62. გ. მამაგეიშვილი), კვერნაძე
სათადარიგოები: თანდილაშვილი – გოგლიჩიძე, გვასალია, მორჩილაძე, რუხაძე, თანდილაშვილი,
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გაფრთხილება: ხვადაგიანი (7), ილიევსკი (7), ლ. გაგნიძე (25), ნიკოლოვი (25), მამაცაშვილი (39), კალკანი (39), აბუაშვილი (39), ლომინაძე (55), დესპოტოვსკი (90+1), პოპოვსკი (90+6), ფეტაი (90+12)
გაძევება: მაისურაძე (90+11), ილიევსკი (90+11)
GIPHY App Key not set. Please check settings